ნატოს გენერალური მდივანი იმედოვნებს, რომ მოკავშირეები შეთანხმდებიან უკრაინის წევრობის შესახებ მტკიცე გზავნილზე შეთანხმებიან. ჟურნალისტების წინაშე თავის გამოსვლაში დღეს მან მოკლედ მიმოიხილა ალიანსის გეგმები და უკრაინისთვის არსებითი პაკეტის შესახებ ისაუბრა.
„მე ველი, რომ მოკავშირეები შეთანხმდებიან არსებით პაკეტზე, რომელიც შედგება 5 ელემენტისგან. ერთი არის, რომ ნატოს სარდლობამ უზრუნველყოს უკრაინელების დახმარება და წვრთნა; ასევე გრძელვადიანი დაპირება, რომ გავაგრძელოთ მხარდაჭერა; მივიღებთ ახალ განცხადებებს დაუყოვნებელი სამხედრო მხარდაჭერის შესახებ, მათ შორის საჰაერო თავდაცვის თაობაზე და დაიდება ახალი ორმხრივი უსაფრთხოების შეთანხმებები ნატოს მოკავშირეებსა და უკრაინას შორის. და ბოლოს, ჩვენ გავაძლიერებთ ძალისხმევას უკრაინის ძალებსა და ნატოს ძალებს შორის სრული თავსებადობის უზრუნველსაყოფად. ეს ხუთი ელემენტი ერთად წარმოადგენს უკრაინის ალიანსში გაწევრიანების ხიდს. მე იმედი მაქვს, რომ მოკავშირეები გაიმეორებენ ვალდებულებას, რომ უკრაინა გახდება ნატოს წევრი. საჰაერო თავდაცვასთან დაკავშირებით, პრეზიდენტი ზელენსკი ნატო-ს თავდაცვის მინისტრებს აპრილში ესაუბრა და სწორედ მაშინ ითხოვა საჰაერო თავდაცვის მეტი შესაძლებლობები. ჩვენ დავპირდით, რომ ბევრს ვიმუშავებდით ამაზე და მოკავშირეებმა მართლაც ბევრი იმუშავეს. ამის მაგალითია პრეზიდენტ ბაიდენისა და სხვა მოკავშირეების განცხადება, რომ მათ შეეძლებათ 5 ახალი სტრატეგიული საჰაერო თავდაცვის სისტემის მიწოდება აშშ-დან, იტალიიდან, რუმინეთიდან და ნიდერლანდებიდან. ეს არის მნიშვნელოვანი წვლილი. ასე რომ, ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია მეტის მიწოდება უკრაინისთვის“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
0 კომენტარი