აშშ-მა საქართველოსთან ერთად დაგეგმილი სამხედრო წვრთნები, სახელწოდებით - "ღირსეული პარტნიორი" (Noble Partner), რომელსაც საქართველო 2016 წლიდან მასპინძლობდა, განუსაზღვრელი დროით გადადო. მიზეზი - საქართველოსთან ურთიერთობის პოლიტიკის გადახედვა და "მთავრობის ცრუ ბრალდებებია შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური სუბიექტების მიმართ."

"შეერთებულმა შტატებმა საქართველო-შეერთებული შტატების ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვა დაიწყო. ამ გადახედვის ნაწილად, შეერთებული შტატები განუსაზღვრელი ვადით გადადებს საქართველოში სწავლებებს „ღირსეული პარტნიორი", რომელთა ჩატარებაც თავდაპირველად 2024 წლის 25 ივლისიდან 6 აგვისტომდე იყო დაგეგმილი. 30 მაისს შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის სრული გადახედვა დაიწყო. "ღირსეული პარტნიორის" ამ სწავლების გადადების შესახებ გადაწყვეტილება გამოწვეულია საქართველოს მთავრობის მხრიდან შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური ორგანიზაციების წინააღმდეგ ყალბი ბრალდებებით, თითქოს ისინი საქართველოზე ზეწოლას ახდენენ რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტი გახსნას, რათა უკრაინისგან ზეწოლა მოხსნას და თითქოს ისინი მმართველი პარტიის წინააღმდეგ სახელმწიფო გადატრიალების ორ მცდელობაში მონაწილეობდნენ. შედეგად, შეერთებული შტატების მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ახლა საქართველოში ფართო მასშტაბის სამხედრო წვრთნების ჩატარებისთვის შესაბამისი დრო არ არის. შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოს თავდაცვით ძალებთან პარტნიორობას და გავაგრძელებთ საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერებას საკუთარი სუვერენიტეტის დასაცავად და ტერიტორიული მთლიანობის შესანარჩუნებლად. ეს გადაწყვეტილება მარტივად არ მიგვიღია და დიდ ყურადღებას ვუთმობთ იმ უდიდეს ღირებულებას, რომელსაც ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები ისეთ წვრთნებს სძენენ, როგორიცაა "ღირსეული პარტნიორი". შეერთებულ შტატებს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან თანამშრომლობის სამომავლო შესაძლებლობების იმედი აქვს, მათ შორის AGILE SPIRIT-ის 2025 წელს", - ნათქვამია აშშ-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის გადაწყვეტილებას, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გამოეხმაურა, რომელშიც ვკითხულობთ, რომ ქართული ოფიციალური მხარისთვის "დასანანია ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადება, მრავალეროვნული სწავლება "ღირსეული პარტნიორი 2024"-ის გაურკვეველი დროით გადადების შესახებ".

"საერთაშორისო სწავლებებს, მათ შორის "ღირსეული პარტნიორი 2024"-ს სარგებელი მოაქვს, როგორც საქართველოსთვის, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და მასში მონაწილე პარტნიორი ქვეყნებისთვის, რადგან ხელს უწყობს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, სამხედრო მოსამსახურეების შესაძლებლობების განვითარებას, პროფესიონალიზმის ამაღლებას და ურთიერთთავსებადობის გაზრდას. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის ფორმატები არსებობს. სწავლების გადადების მიუხედავად, ზემოთ ხსენებული ფორმატები გრძელდება, მათ შორის, მიმდინარეობს მზადება მრავალეროვნული სწავლებისთვის "მტკიცე სული 2025", - აღნიშნავს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. 

აქვე, აღსანიშნავია, რომ შარშან, 2023 წლის მაისში, საქართველომ ევროპაში აშშ-ის ორგანიზებულ სამხედრო წვრთნებში, "მცველი 23" (Defender 23), მონაწილეობა არ მიიღო. 

2022 წელს ჩატარებული წვრთნების, „ღირსეული პარტნიორი 2022"-ის მიზანი კი, საქართველოს, აშშ-ის, რეგიონულ პარტნიორებსა და მოკავშირე ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და ურთიერთთავსებადობის გაზრდა იყო შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად.

 

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *