აშშ-ის პრეზიდენტისა და მოახლოებულ არჩევნებში დემოკრატიული პარტიის მთავარი კანდიდატის, ჯო ბაიდენის ოჯახი თვლის, რომ მან უნდა უგულებელყოს მოწოდებები საკუთარი კანდიდატურის მოხსნის შესახებ და მეორე ვადით არჩევისთვის ბრძოლა განაგრძოს. მოსაზრებები, რომ 81 წლის ბაიდენი ფიზიკური და გონებრივი თვალსაზრისით მზად არ არის პრეზიდენტობისთვის, რამდენიმე დღის წინ ატლანტაში გამართული დებატების შემდეგ გამყარდა, როდესაც თეთრი სახლის ლიდერმა, საყოველთაო აზრით, პირწმინდად წააგო რესპუბლიკური პარტიის კანდიდატ დონალდ ტრამპთან.
ბოლო დღეებში ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით, დემოკრატიული პარტიის რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 72%-ს მიაჩნია, რომ პრეზიდენტი არ არის მზად მეორე ვადისთვის და თითქმის 50% მიიჩნევს, რომ მან კანდიდატურა უნდა მოხსნას.
მიუხედავად ამისა, მისი გუნდისა და ოჯახის მოსაზრებაა, რომ ტრამპის დასამარცხებლად უკეთესი კანდიდატი არ არსებობს. ეს ინფორმაცია თავდაპირველად „ნიუ-იორკ თაიმსმა“ გაავრცელა, მოგვიანებით კი „სი-ბი-ეს“-მა დაადასტურა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბაიდენის ოჯახის ზოგიერთი წევრი დებატებზე პრეზიდენტის სუსტ გამოსვლას მის თანაშემწეებს აბრალებს, თუმცა პირველი ლედი ჯილ ბაიდენი ამ კრიტიკოებს შორის არ არის.
შეშფოთება ორი კანდიდატის ასაკთან დაკავშირებით (ჯო ბაიდენი მხოლოდ სამი წლით უფროსია 78 წლის ტრამპზე) ხუთშაბათის დებატებამდე საკმაო ხნით ადრე გაჩნდა, თუმცა მოქმედი პრეზიდენტის სუსტმა ხმამ და ბუნდოვანმა პასუხებმა მისი კანდიდატურის ადეკვატურობა კიდევ უფრო დიდი ეჭვის ქვეშ დააყენა.
კრიტიკა არც ტრამოს მოკლებია, რაც ძირითადად მის მიერ გაჟღერებულ მცდარ მოსაზრებებს ეხება, მათ შორის დიდი ხნის წყენას იმასთან დაკავშირებით, თითქოს 2020 წლის არჩევნები მის საწინააღმდეგოდ გაყალბდა.
0 კომენტარი