„ყველაზე ცუდი გამოსვლა ისტორიაში“, „კატასტროფა“, „პარტიამ რაღაცა უნდა მოიმოქმედოს“ - ასეთი კომენტარები მოჰყვა დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერებისგან აშშ-ში გამართულ საპრეზიდენტო დებატებს და, როგორც „პლიტიკო“ წერს, ახლა დემოკრატები მოქმედი პრეზიდენტის სხვა კანდიდატით ჩანაცვლებასაც კი განიხილავენ. ევროპულ გამოცემას ანომიმურობის შენარჩუნების პირობით თეთრი სახლის ლიდერთან დაახლოებული სამი პირი ესაუბრა და სამივემ განაცხადა, რომ დემოკრატთა ბანაკში ნამდვილი პანიკაა. დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთმა მსხვილმა დონორმა და ბაიდენის მხარდამჭერმა განაცხადა, რომ დროა, პრეზიდენტმა თავისი კამპანია დაასრულოს, რადგან მისი დებატებზე გამოსვლა იმდენად დაბალი ხარისხის იყო, რომ ტრამპის ტყუილებისთვის ყურადღება საერთოდ არავის მიუქცევია.
„პოლიტიკო“ წერს, რომ ბაიდენს მართლაც გაუჭირდა და ეს დებატების მთელი მიმდინარეობის განმავლობაში აშკარად ჩანდა. თეთრი სახლის ლიდერის ფიზიკური და გონებრივი მზადყოფნის გარშემო საუბრები დიდი ხანია მიმდინარეობს და დემოკრატებს იმედი ჰქონდათ, რომ ამ დებატებით ამის თაობაზე ყველანაირი საუბარი დასრულდებოდა. ნაცვლად ამისა, პირიქით მოხდა.
„ჩვენ გადავრჩებით, თუ ის კანდიდატურას მოხსნის, რამე შეთანხმებამდე მივალთ ან მოკვდება. სხვა შემთხვევაში დაღუპულები ვართ“, - განაცხადა დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთმა დონორმა.
თუმცა, ბაიდენის გვერდით გადგომის ან რაიმე შეთანხმებით მისი შეცვლის ალბათობა ძალიან დაბალია და ამას ყველა აცნობიერებს.
„ამას მხოლოდ ერთი ადამიანი წყვეტს - თავად ჯო ბაიდენი“, - ამბობს დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი სტრატეგი.
ბაიდენის მომხრეები, თავის მხრივ, ამბობენ, რომ ყველანაირი კრიტიკა უსაფუძვლოა და მოქმედი პრეზიდენტი ერთადერთია, ვისაც დონალდ ტრამპი ოდესმე დაუმარცხებია.
„ის ამას კიდევ ერთხელ გააკეთებს, რადგან ტრამპს თავისი ამომრჩევლისთვის არანაირი საბაბი არ მიუცია, თუ რატომ უნდა მისცენ მას ხმა“, - ამბობს ბაიდენის ერთ-ერთი მრჩეველი.
0 კომენტარი