ჯო ბაიდენი და დონალდ ტრამპი აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ხნიერი საპრეზიდენტო კანდიდატები არიან და დღეს, როდესაც 81 წლის მოქმედი პრეზიდენტი და მისი 78 წლის მოწინააღმდეგე პირველ დებატებში შეეჭიდებიან ერთმანეთს, ამომრჩევლისთვის სწორედ ასაკი იქნება მთავარი თემა.

პრეზიდენტი ბაიდენი და მისი მოწინააღმდეგე, ყოფილი პრეზიდენტი ტრამპი, რომლებიც საზოგადოებრივ გამოკითხვებში თითქმის თანაბარ შედეგებს აჩვენებენ, 90 წუთის განმავლობაში იდგებიან ტელეკამერების წინ და იკამათებენ ყველაფერზე, დაწყებული ეკონომიკიდან, დამთავრებული ომებით, იმიგრაციითა და დემოკრატიის მომავლით, თუმცა მაყურებელი ყველაზე მეტად იმას დააკვირდება, თუ რომელი მათგანია უფრო მეტად მზად პრეზიდენტობისთვის ფიზიკურად და მენტალურად.

ერთი წაბორძიკება ან შეცდომა საუბრისას და ყველას წამსვე გაუმყარდება მოსაზრება, რომ ასაკი მართლაც სერიოზული პრობლემაა, რაც საპრეზიდენტო რბოლაში კორექტივებს აუცილებლად შეიტანს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ენერგიული და ცოცხალი გამოსვლა უფრო დიდი პრობლემა ალბათ მაინც ჯო ბაიდენისთვის იქნება, რომელიც უკვე ატარებს ქვეყნის ყველაზე ხნიერი პრეზიდენტის წოდებას და რომლის მენტალური მზადყოფნა ასეთი საპასუხისმგებლო თანამდებობისთვის უკვე დიდი ხანია რაც განიხილება.

საზოგადოებრივი გამოკითხვები აჩვენებს, რომ ამომრჩეველი გაცილებით უფრო შეშფოთებულია ბაიდენის ასაკით, ვიდრე მისი ოპონენტის, მაგრამ ისიც მართალია, რომ ტრამპი, გამარჯვების შემთხვევაში, თეთრი სახლის ამჟამინდელი ლიდერის ამ რეკორდს პირველი ვადის ამოწურვამდე აუცილებლად გააუმჯობესებს.

მარტში ჩატარებული კვლევის მიხედვით, განმოკითხულთა 73% თვლის, რომ ჯო ბაიდენი ზედმეტად ხნიერიდ საიმისოდ, რომ პრეზიდენტის თანამდებობა ეკავოს და ეს შეშფოთება ყველა ასაკობრივი ჯგუფის ამომრჩეველმა გამოთქვა, მათ შორის 65 წელზე უფროსმა. ტრამპზე კი იგივე მხოლოდ 42%-მა თქვა, მიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკელი კანდიდატი სულ რაღაც სამნახევარი წლით უმცროსია დემოკრატ პრეზიდენტზე.

თუმცა, რამდენიმე კვირის წინ, როდესაც თეთრი სახლის ამჟამინდელი ლიდერი ქვეყნის მოსახლეობის წინაშე ყოველწლიური ტრადიციული მიმართვით წარდგა, ყველა კომენტატორმა მისი გამოსვლა ძალიან მაღალ დონეზე შეაფასა.

ბაიდენის გუნდს იმედი აქვს, რომ დღევანდელი დებატები კიდევ ერთხელ წარმოაჩენს პრეზიდენტის მზადყოფნას და ამომრჩეველი კონტრასტს დაინახავს მასსა და დონალდ ტრამპს შორის.

სხვათა შორის, თავად რესპუბლიკელმა კანდიდატმაც აღიარა 20 ივნისს, ერთ-ერთ რადიოინტერვიუში, რომ მისმა ოპონენტმა შესაძლოა სულაც არ გაამართლოს ბევრის მოლოდინი და დებატებში საკმაოდ ძლიერ მოწინააღმდეგედ წარმოჩინდეს. „არ მინდა, რომ მისი შესაძლებლობები დავაკნინო“, - აღნიშნა ტრამპმა, თუმცა ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ შესაძლოა პრეზიდენტმა დებატების დაწყებამდე გარკვეული მასტიმულირებელი მედიკამენტები მიიღოს. ბაიდენის გუნდმა ამასდამარცხებისთვის განწირული ადამიანის ტყუილიუწოდა.

რაც შეეხება ტრამპის ასაკს, ეს თემა ნაკლებად აქტუალურია, თუმცა შეკითხვები აქა-იქ მაინც ისმევა. მიმდინარე წლის იანვარში, ერთ-ერთი გამოსვლისას, რესპუბლიკელ კანდიდატს თავისი თანაპარტიელი ნიკი ჰეილი კონგრესის დემოკრად სპიკერ ნენსი პელოსიში აერია და რამდენიმე წუთის განმავლობაში ვერ გააცნობიერა საკუთარი შეცდომა. კერძოდ, მან თქვა, რომ 2021 წლის 6 იანვრის მოვლენების დროს (კონგრესის შენობის დარბევა დონალდ ტრამპის მხარდამჭერების მიერ) „მისის ჰეილი შენობის უსაფრთხოებაზე იყო პასუხისმგებელი“. ამას მოჰყვა ის, რომ ყოფილი პრეზიდენტის ოპონენტებმა მისი მენტალური ჯანმრთელობის შემოწმება მოითხოვეს, ტრამპის პირადმა ექიმმა კი გამოსცა საგანგებო განცხადება, რომელშიც აღნიშნა, რომ ყოფილი პრეზიდენტიჩინებულ ფორმაშია“.

თავად დონალდ ტრამპმა მას-მედია ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა.

საკმარისია მე ერთი რაღაცა შემეშალოს, წამსვე იწყებენ ყვირილს, რომ გონებრივი პრობლემები მაქვს. ბაიდენი კი კედლებს ეჯახება, სცენიდან ვარდება, კიბეებზე ეცემა და არაფერს ამბობენ“, - თქვა მან.

ასე რომ, დღეს საღამოს მილიონობით ადამიანი დებატებზე არა მხოლოდ კანდიდატების იდეებსა და არგუმენტებს მოისმენს, არამედ ასევე შეეცდება განსაჯოს, რამდენად მზად არიან ისინი მნიშვნელოვანი თანამდებობისთვის ფიზიკურად და გონებრივად.

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *