აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული რიგით მე-10 საინვესტიციო სამიტი სახელწოდებით - SelectUSA, 23-26 ივნისს მერილენდის შტატში იმართება. ეს გახლავთ ყველაზე მასშტაბური საინვესტიციო სამიტი, რომლის ძირითადი მიზანიც შეერთებულ შტატებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) ხელშეწყობაა. სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე, აშშ-ის ვაჭრობის მდივნის თანაშემწემ გლობალურ ბაზრების მიმართულებით და ასევე, აშშ-სა და საგარეო კომერციული სამსახურის გენერალურმა დირექტორმა არუნ ვენკატარამანსმა, სამიტის მოლოდინებზე მედიის წარმომადგენლებთან ვრცლად ისაუბრა. საქართველოს შესახებ დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ კი აღნიშნა, რომ წლევანდელ სამიტზე საქართველოდან სტარტაპების ფართო კონტიგენტო იღებს მონაწილეობას. 

"ვფიქრობ, საქართველოსთან ჩვენი ჩართულობის მთავარი ელემენტია მხარი დავუჭიროთ საქართველოს ძალისხმევას ეკონომიკის დივერსიფიკაციის პროცესში, რაც ქვეყანას ახალ ბაზრებზე წვდომასა და მსოფლიოში სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაში დაეხმარება. ჩვენ შევძელით საქართველოს ეკონომიკური შესაძლებლობების გამოვლენა და მათი წარდგენა ამერიკული კომპანიებისთვის. ჩვენ ასევე ვხელმძღვანელობდით სავაჭრო მისიებს, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, როგორიცაა ენერგეტიკა, რათა შეგვექმნა შესაძლებლობები ამერიკული კომპანიებისთვის და მათ საქართველოში ბიზნესის წარმოება დაეწყოთ. განსაკუთრებით მოხარულები ვართ, რომ წელს, ვფიქრობ, გვყავდა ყველაზე დიდი დელეგაცია საქართველოდან, რომლებიც ორიენტირებულნი არიან მაღალტექნოლოგიურ სტარტაპებზე. SelectUSA სამიტი კი, ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია, სადაც ჩვენი ყურადღება გამახვილებულია სტარტაპებზე. არაერთი ქვეყანა საკუთარ სტარტაპ ბიზნესს აგზავნის შეერთებულ შტატებში, რათა გამოსცადონ საკუთარი და ბაზრის შესაძლებლობები. შემდეგ კი წარმატებას მიაღწიონ პროდუქტების შექმნაში და სრულყოფილი სახით დაბრუნდნენ საკუთარ ქვეყანაში. ჩვენ ძალიან ვამაყობთ შეერთებულ შტატებში არსებული კაპიტალის ბაზრით, წარმოუდგენელი ეკოსისტემით, რომელიც ეხმარება სტარტაპებს და ახალისებს მათ ინოვაციებს. ვამაყობთ, რომ ჩვენი მეგობრები საქართველოდან წლევანდელ სამიტზე საკმაოდ მყარად იქნებიან წარმოჩენილნი, მათ შორის, სტარტაპების საკმაოდ დიდი კონტიგენტით", - აღნიშნა აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწემ გლობალურ ბაზრებზე და აშშ-სა და საგარეო კომერციული სამსახურის გენერალურმა დირექტორმა. 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *