შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი პუტინის ე.წ. „სამშვიდობო გეგმას“ ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინაში მშვიდობის შესახებ დისკუსიებისთვის მზად არა არის.
უწყების პრესმდივან მეთიუ მილერის თქმით, პუტინის წინადადება ეწინააღმდეგება ძირითად მორალსა და საღ აზრს.
„კიდევ ერთი მაქსიმალისტური განცხადება, რომელიც უკრაინას მოუწოდებს, დათმოს უფრო მეტი სუვერენული ტერიტორიები, ვიდრე რუსეთს ამჟამად, მოლაპარაკებების დაწყებამდე აქვს ოკუპირებული. პრეზიდენტმა პუტინმა მოსთხოვა უკრაინას, განიარაღებაზე დათანხმდეს, რათა ის დაუცველი იყოს რუსეთის მომავალი აგრესიისგან. ვერც ერთი პასუხისმგებელი ერი ვერ იტყვის, რომ ეს მშვიდობის გონივრული საფუძველია. ის ეწინააღმდეგება გაერო-ს წესდებას. ის ეწინააღმდეგება ძირითად მორალს. ის ეწინააღმდეგება ძირითად საღ აზრს. აშკარაა, რომ რუსეთი არ არის მზად რაიმე სერიოზული, კეთილსინდისიერი დისკუსიისთვის. რუსეთის ქმედებები ამას განსაკუთრებით ნათელს ხდის, რადგან ის აგრძელებს უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვას, ემუქრება გემებს შავ ზღვაში და იძულებით გადააადგილებს ათიათასობით უკრაინელ ბავშვს, - განაცხადა მეთიუ მილერმა.
რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები გასულ კვირას წამოაყენა, რომელთა თანახმადაც უკრაინამ ოთხი რეგიონის: დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიისა და ხერსონის ოლქების მთელი ტერიტორიებიდან ჯარები უნდა გაიყვანოს, ნატო-ში გაწევრიანების გეგმაზე უარი თქვას და თავად მოახდინოს საკუთარი თავის განიარაღება.
0 კომენტარი