აშშ-ის ფედერალური სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა ჰანტერ ბაიდენი სამივე ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ვაჟს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენას ედავებოდნენ, კერძოდ კი მან დაარღვია კანონი, რომელიც ნარკოდამოკიდებულების მიერ იარაღის შეძენის თავიდან აცილებას ისახავს მიზნად. უმცროსმა ბაიდენმა იარაღის ყიდვის დროს სავალდებულო ფორმის შევსებისას დაწერა, რომ ნარკოდამოკიდებული არ იყო, რაც სიმართლეს არ შეესაბამებოდა.  

ეს არის პირველი შემთხვევა აშშ-ის ისტორიაში, როდესაც მოქმედი პრეზიდენტის ოჯახის წევრი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა თავად დანაშაული 2018 წელს მოხდა, როდესაც ჯო ბაიდენი ჯერ პრეზიდენტი არ იყო.

რა ვიცით:

  • სამი ბრალდებიდან ორი ეხებოდა ჰანტერ ბაიდენის მიერ ნათქვამ ტყუილს მის მიერ ნარკოტიკების მოხმარების შესახებ, როდესაც იარაღის შეძენამდე ფედერალურ შემოწმებას გადიოდა, ხოლო მესამე - იარაღის ფლობას ნარკოდამოკიდებულების ან არალეგალური ნარკოტიკების მოხმარების დროს. მოსამართლემ განაცხადა, რომ განაჩენი ჩვეულებრივ ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტიდან 120 დღის განმავლობაში ცხადდება. ჰანტერ ბაიდენს 25 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და 750 000 დოლარამდე ჯარიმა ემუქრება, თუმცა ის სავარაუდოდ გაცილებით ნაკლებს მიიღებს, რადგან ეს მისი პირველი დანაშაულია.
  • განაჩენის შემდეგ ჰანტერ ბაიდენმა განაცხადა, რომ მისი მადლიერიება მისი ოჯახის მხრიდან მიღებული სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის უფრო ძლიერია, ვიდრე მისი იმედგაცრუება ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტით. მისმა ადვოკატმა განაცხადა, რომ დაცვის მხარე გააგრძელებს ბრძოლას ყველა ხელმისაწვდომი კანონიერი ხერხებით.
  • განცხადება პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმაც გააკეთა: „როგორც გასულ კვირას ვთქვი, მე ვარ პრეზიდენტი, მაგრამ ასევე ვარ მამა. მე და ჯილს გვიყვარს ჩვენი შვილი და ძალიან ვამაყობთ მისით“, - თქვა მან.

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *