აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში Globalnews.ge- მიერ გაგზავნილ შეკითხვაზე, "რა გზავნილია შეერთებული შტატებისთვის, როდესაც საქართველოს ხელისუფლება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ასაშენებლად გამარჯვებულად აცხადებს სანქცირებულ ჩინურ კომპანიას, თანაც იმის გათვალისწინებით, რომ პარალელურად, რუსეთის მიზანია, ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო დანიშნულების პორტის მშენებლობა", გვპასუხობენ, რომ "საქართველოს მთავრობის მიერ, იმ კომპანიის სანდო პარტნიორად გამოცხადება, რომელიც ჩართული იყო კორუფციულ საქმეებში, თაღლითობასა და სამხედრო საქმიანობაში, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს მთავრობა ევრო-ატლანტიკური ტრაექტორიის ერთგული არ არის"
"ჩინური კომპანია, რომელსაც ანაკლიის პორტის მშენებლობის უფლება მიენიჭა, China Communications Construction Company LTD (CCCC), აშშ-ის მთავრობის მიერ დასანქცირდა 2021 წლის 3 ივნისს ჩინეთის სამხედრო და მასთან დაკავშირებული მასალების სექტორში ჩართვის გამო. აღვნიშნავთ, რომ კომპანიას აქვს თაღლითობისა და კორუფციაში მონაწილეობის ისტორია: 2011 წელს, მსოფლიო ბანკმა, CCCC-სა და მის შვილობილ კომპანიებს, ფილიპინების გზის პროექტში თაღლითური პრაქტიკის გათვალისწინებით, მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებულ პროექტებში მუშაობის უფლება შეუჩერა. 2009 წელს, მსოფლიო ბანკმა, რვა წლის ვადით ანალოგიურად აუკრძალა საქართველოში დაგეგმილი კონსორციუმის ერთ-ერთ სუბკონტრაქტორ კომპანიას - China Road and Bridge Corporation-ს (CRBC) მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებულ პროექტებზე მუშაობა.
ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, ჩაატაროს უცხოური ინვესტიციების საფუძვლიანი კვლევა კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩართვისას. ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული ტენდერი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდა. როდესაც საქართველოს მთავრობა კომპანიას, რომელიც ჩართული იყო კორუფციულ საქმეებში, თაღლითობასა და სამხედრო საქმიანობაში, სანდო პარტნიორად მიიჩნევს, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს მთავრობა არ არის ევრო-ატლანტიკური ტრაექტორიის ერთგული", - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტიდან გამოგზავნილ პასუხში.
0 კომენტარი