შეერთებული შტატები უკრაინისთვის ამერიკული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების ნებართვის გაფართოებას არ გამორიცხავს. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების კომუნიკაციების მრჩეველმა ჯონ კირბიმ განაცხადა.
„ჩვენ ამ ომის დაწყების დღიდან ვცდილობდით, რომ ესკალაცია არ მომხდარიყო და ეს მცდელობები ძალაში რჩება. პრეზიდენტმა თქვა, რომ მას არ სურს პასუხისმგებელი იყოს მესამე მსოფლიო ომის დაწყებაზე. ჩვენ ნამდვილად არ გვსურს კონფლიქტი რუსეთთან, მაგრამ მაისის შუა რიცხვებიდან უკრაინელები წარმოუდგენელი ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდნენ ხარკოვში, რომელიც რუსეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს, და მათ გვთხოვეს გარკვეული შეზღუდული ნებართვა, გამოეყენებინათ აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღი გარდაუვალი საფრთხის წინააღმდეგ საზღვრის იქით. როგორც იცით, ომის ხასიათი იცვლება, პირობებიც იცვლება ბრძოლის ველზე და ამის მიხედვით უკრაინის მხარდაჭერას ვაძლიერებთ. მე არ ველი, რომ ახლანდელი მიდგომა უახლოეს თვეებში ან კვირებში შეიცვლება, მაგრამ დრო გვაჩვენებს, რა დასჭირდებათ უკრაინელებს მომავალში“, - განაცხადა ჯონ კირბიმ.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯო ბაიდენმა ნება დართო უკრაინელებს, ამერიკული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების განსახორციელებლად გამოიყენოს, თუმცა ეს ნებართვა მხოლოდ სამხედრო სამიზნეებზე და მხოლოდ ხარკოვის ოლქის მიმდებარე რუსულ ტერიტორიებზე ვრცელდება.
0 კომენტარი