აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას ნება დართო, გამოიყენოს ამერიკების მიერ მიწოდებული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებზე დარტყმისთვის, მაგრამ მხოლოდ ხარკოვის რეგიონის მახლობლად. ამის შესახებ ბიბისი ორ ამერიკელი ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, თუმცა მათ ვინაობას არ ასახელებს.
აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ასევე განუცხადა BBC-ს, რომ ვაშინგტონის პოზიცია ATACMS-ის ტიპის სისტემის ან შორ მანძილზე მოქმედი სხვა ამერიკული იარაღის რუსეთის სიღრმეში გამოყენების აკრძალვის შესახებ არ შეცვლილა.
ჟურნალისტების შეკითხვაზე, მოიცავდა თუ არა ახალი პოლიტიკა რუსული თვითმფრინავების ჩამოგდებასაც, ოფიციალურმა პირმა თქვა: „ჩვენ არასოდეს გვითქვამს უკრაინელებისთვის, რომ მათ არ შეუძლიათ ჩამოაგდონ რუსული თვითმფრინავი რუსეთის მიწაზე, თუ ის უკრაინაზე თავდასხმას აპირებს”.
თეთრ სახლსა და სახელმწიფო დეპარტამენტს ამ საკითხზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ, მაგრამ მზგავსი მესიჯი გააჟღერა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა. ჩეხეთში გამართულ ნატოს კონფერენციაზე გამოსვლისას მან განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ხასიათი შეცვლილია და დასავლეთის ქვეყნებმა თავიანთ დაწესებულ აკრძალცებს უნდა გადახედონ.
„მოკავშირეები უკრაინას აწვდიან სხვადასხვა ტიპის სამხედრო მხარდაჭერას და ზოგიერთმა მათგანმა დააწესა გარკვეული შეზღუდვები ამ იარაღის გამოყენებაზე. ეს არის ეროვნული გადაწყვეტილებები, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ იმის გათვალისწინებით, თუ როგორ განვითარდა ეს ომი, გარემოებებიც შეიცვალა. თავიდან თითქმის ყველა ბრძოლა მიმდინარეობდა უკრაინის ტერიტორიაზე, მაგრამ ახლა, ბოლო კვირები და თვეებია, მძიმე ბრძოლების უმეტესობა რეალურად საზღვრის გასწვრივ მიმდინარეობს - რუსეთსა და უკრაინას შორის, ხარკოვის რეგიონში. აქ ჩვენ ვხედავთ, რომ რუსები შეიძლება იყვნენ საზღვრის რუსულ მხარეს, ფრონტის ხაზთან ახლოს. მათ შეუძლიათ იყვნენ იქ თავიანთი არტილერიით, რაკეტების სასროლი დანადგარებით, თვითმფრინავებითა და საბრძოლო მასალისა და საწვავის საცავებით და იყვნენ სულ მცირე უფრო უსაფრთხოდ, ვიდრე ისინი იქნებოდნენ, უკრაინას რომ მნათზე თავდასხმის უფლება ჰქონდეს ყველაზე მოწინავე იარაღით. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ დადგა დრო, განვიხილოთ ზოგიერთი შეზღუდვის მოხსნა, რათა უკრაინელებს საშუალება მიეცეთ, რეალურად დაიცვან თავი. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რა არის ეს - ეს არის ომი, რომელიც წამოიწყო მოსკოვმა საკუთარი სურვილით უკრაინის წინააღმდეგ. რუსეთი შეიჭრა სხვა ქვეყანაში, შეიჭრა უკრაინაში და უკრაინას, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, თავდაცვის უფლება აქვს. ეს უფლება კი მოიცავს აგრეთვე ლეგიტიმურ სამხედრო ობიექტებზე დარტყმას უკრაინის ფარგლებს გარეთ“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
0 კომენტარი