ამერიკელი და სხვა ქვეყნების წარმომადგენელი ადვოკატების კოალიცია, რომელშიც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წევრებიც შედიან, მოუწოდებენ თეთრი სახლის ლიდერს, შეწყვიტოს სამხედრო დახმარების გაწევა ისრაელისთვის, რადგან ამ ქვეყნის ქმედებები ღაზაში არ შეესაბამება აშშ-ისა და საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს.
როგორც გამოცემა „პოლიტიკო“ წერს, ეს არის ბაიდენის ადმინისტრაციის შიგნით ისრაელის პოლიტიკასთან დაკავშირებით არსებული განხეთქილების კიდევ ერთი ნიშანი.
უახლოეს დღეებში ადვოკატების კოალიცია გენერალურ პროკურორ მერიკ გარლანდისთვის წერილის გაგზავნას გეგმავს. იურისტები ამტკიცებენ, რომ ისრაელმა, სავარაუდოდ, დაარღვია აშშ-ის წესდება, მათ შორის იარაღის ექსპორტის კონტროლის აქტი და სხვა კანონები, ასევე ჟენევის კონვენციები, რომლებიც კრძალავს არაპროპორციულ თავდასხმებს სამოქალაქო მოსახლეობაზე.
ჯგუფში, რომელმაც წერილი შეადგინა, შედიან შიდა უსაფრთხოებისა და სახელმწიფო დეპარტამენტის მოქმედი ადვოკატები. წერილს უკვე 90-ზე მეტმა ადვოკატმა მოაწერა ხელი, მათ შორის იუსტიციის, შრომისა და ენერგეტიკის დეპარტამენტებიდან, ასევე ევროკომისიისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა.
სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, გასულ შაბათ-კვირას აშშ-ის ზოგიერთმა მაღალჩინოსანმა სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს უთხრა, რომ ისრაელის მიერ გაცემული გარანტიები აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღის საერთაშორისო სამართლის შესაბამისად გამოყენების შესახებ სანდოდ არ მიაჩნიათ. თებერვალში კი 800-ზე მეტმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა აშშ-ში და მის ფარგლებს გარეთ ხელი მოაწერა ღია წერილს, რომელშიც გამოთქმულია უთანხმოება თეთრი სახლის მიერ ისრაელის მხარდაჭერის გამო.
წერილი დამატებით მოუწოდებს იუსტიციის დეპარტამენტს, გამოიძიოს, ხომ არ მონაწილეობს აშშ-ის რომელიმე მოქალაქე სამხედრო დანაშაულში, რომელიც შეიძლება ისჯებოდეს აშშ-ის კანონმდებლობით.
0 კომენტარი