შეერთებულმა შტატებმა უკრაინას ის შორი დისტანციის რაკეტები მიაწოდა, რომელთა გაგზავნაზეც ადრე პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია უარს აცხადებდა. ამის შესახებ პენტაგონში საუბრობენ.
როგორც ირკვევა, ბაიდენმა ფარულად დაამტკიცა ATACMS-ის ტიპის რაკეტების გრძელვადიანი მიწოდება უკრაინის ტერიტორიაზე გამოსაყენებლად. ეს რაკეტები 12 მარტს გამოცხადებულ 300 მილიონი დოლარის დახმარების პაკეტში იქნა შეტანილი და საბოლოოდ უკრაინას ამ თვის დასაწყისში გადაეცა.
თეთრი სახლის ადმინისტრაცია შორ მანძილზე მოქმედი ამ რაკეტების გაგზავნაზე უარს იმ მიზეზით ამბობდა, რომ მათ გამოყენებას დრო და რთული კომპონენტები სჭირდება.
ამერიკული მედია იუწყება, რომ ეს იარაღი სულ მცირე ერთხელ იქნა გამოყენებული ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის ობიექტებზე დარტყმებისთვის.
სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე, პრესპიკერის პირველმა მოადგილემ, ვედანტ პატელმა დაადასტურა, რომ უკრაინამ შეერთებული შტატებისგან ATACAMS-ი თებერვალში მიიღო.
"დიახ, შემიძლია დავადასტურო, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას პრეზიდენტის მითითებით მიაწოდა შორ მანძილზე მოქმედი ATACMS-ები. მან არასაჯაროდ უბრძანა თავის ეროვნული უსაფრთხოების გუნდს თებერვალში, რომ გაეგზავნათ ATACMS-ები უკრაინაში მათ სუვერენულ ტერიტორიაზე გამოსაყენებლად. ეს იყო ნაწილი იმ სამხედრო დახმარების პაკეტისა, რომელიც ჩვენ გამოვაცხადეთ 12 მარტს და ეს რაკეტები უკრაინაში ამ თვეში შევიდა. ჩვენ ეს თავიდანვე არ გამოვაცხადეთ, რათა შენარჩუნებულიყო უკრაინის ოპერატიული უსაფრთხოება მათივე თხოვნით", - აღნიშნა ვედანტ პატელმა.
0 კომენტარი