შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის დაახლოებით 61 მილიარდი დოლარის ოდენობით დახმარების გამოყოფას მხარი დაუჭირა.
კანონპროექტის მიღებას 311-მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, რომელთადან 210 დემოკრატი იყო და 101 რესპუბლიკელი, წინააღმდეგ კი 112 წავიდა, რომელთაგან ყველა რესპუბლიკელია. პაკეტის დამტკიცებას კონგრესში ოვაციები მოჰყვა. პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კონგრესის ორპარტიულ გადაწყვეტილებას მიესალმა და განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო.
"მოვუწოდებ სენატს, დროულად დაამტკიცოს პაკეტი, რათა ხელი მოვაწერო კანონს და უკრაინამ სასწრაფოდ მიიღოს იარაღი და აღჭურვილობა, რომელიც ასე სჭირდება ბრძოლის ველზე", - განაცხადა ბაიდენმა.
კენჭისყრა, კონგრესის ქვედა პალატაში, შაბათის სესიაზე გაიმართა, სადაც ამერიკელმა კანონმდებლებმა, დაჩქარებული წესით 95 მილიარდი დოლარის ოდენობის საგარეო დახმარების პაკეტი დაამტკიცეს. მთლიანი პაკეტი მოიცავს უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის ფინანსური და სამხედრო დახმარების გაწევას. მთლიანი პაკეტი, თეთრი სახლამდე სენატში გადაიგზავნება, სადაც მისი სრული მხარდაჭერის გამოხატვა, ფაქტობრივად, გარანტირებულია. სენატმა მყარი უმრავლესობით, ერთხელ უკვე დაუჭირა მხარი უკრაინის დახმარების პაკეტს.
შეერთებული შტატები სამხედრო დახმარების კანონპროექტის ხელმოწერიდან რამდენიმე დღეში შეძლებს უკრაინისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებას. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა პატრიკ რაიდერმა განაცხადა.
"ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი ლოგისტიკური ქსელი, რომელიც გვაძლევს საშუალებას, აღჭურვილობა ძალიან სწრაფად გადავაადგილოთ, როგორც ამას ვაკეთებდით ადრე", - აცხადებს რაიდერი.
ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა "ნიუ-იორკ თაიმსს" განუცხადეს, რომ იარაღი პენტაგონის საწყობებიდან გერმანიაში სარკინიგზო ტრანსპორტით გადაიგზავნება. კონკრეტულად რა შედის უკრაინის დახმარების ახალ პაკეტში, არ არის დაკონკრეტებული, მაგრამ რაიდერმა თქვა, რომ ის სავარაუდოდ შეიცავს დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალას საჰაერო თავდაცვისა და არტილერიისთვის.
0 კომენტარი