16 აპრილს, ვაშინგტონში, ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის ორგანიზებით, შავი ზღვის რეგიონში არსებული ვითარება და ამ კონტექსტში არსებული პერსპექტივები განიხილეს. განხილვას ესწრებოდნენ კონგრესის, USAID-ის წარმომადგენლები, ასევე, ანალიტიკოსები, სტუდენტები, საქართველოს საელჩოს თანამშრომლები.
საქართველოში არსებულ ვითარებასა და ქვეყნის უსაფრთხოების შეფასებისას, ჰელსინკის კომისიის უფროსმა მრჩეველმა მაიკლ ჰიკარი ჩეჩირემ, რომელიც ერთ-ერთი მოპასუხე გახლდათ, აღნიშნა, რომ საგრძნობია უთანხმოება თბილისს, ბრიუსელსა და ვაშინგტონს შორის და რომ ღირებულებების ერთიანობა სიმტკიცეს კარგავს.
"მე ვფიქრობ, რომ საქართველოს შეუძლია გააკეთოს რამდენიმე რამ, რათა გაზარდოს თავისი უსაფრთხოება და ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან. ვფიქრობ, ერთი რამ, რაც ძალიან ნათელია, არის ის, რომ ჩვენ უნდა შეგვეძლოს პოლიტიკურ და სტრატეგიულ დონეზე იმის გაგება, რომ ჩვენ ერთი და იმავე მიმართულებით მივდივართ. ვფიქრობ, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის საშინელმა ომმა საშუალება გააჩინა, გადაიხედოს ევროკავშირში და, პოტენციურად, ნატოში გაწევრიანების საკითხი. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ვნახეთ ბევრად მეტი მოძრაობა ორივე ორგანიზაციის ტრადიციულად კონსერვატიულ წევრებს შორის, რომლებიც სულ უფრო ღიანი არიან გაფართოებისთვის, სულ უფრო მზად არიან საქართველოს გაწევრიანებისთვის ერთ-ერთ ან ორივე ორგანიზაციაში. ეს არ ნიშნავს, რომ არსებობს სრული კონსენსუსი, მაგრამ ჩვენ ვხედავთ ინტერესს და, რა თქმა უნდა, საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება ვფიქრობ, ამის დასტურია. ასე რომ, ამ შეცვლილი პოლიტიკური ლანდშაფტით სარგებლობის შესაძლებლობა ძალზე მნიშვნელოვანია და მე ვერ ვხედავ, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ამას აკეთებს. მეტიც, ბევრი თვალსაზრისით ისინი სხვა მიმართულებით წავიდნენ. ამის მეორე ასპექტი, და ვფიქრობ, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქ, ვაშინგტონში, არის ის, რომ ჩვენი ინტერესი საქართველოს მიმართ ძალიან არის დამოკიდებული იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს საერთო ღირებულებები, გვაქვს საერთო პრინციპები და სამყაროს ერთნაირად აღვიქვამთ. ჩვენი ძალისხმევის დიდი ნაწილი იქ არის სამოქალაქო საზოგადოებაზე ზრუნვა და პირდაპირი და არაპირდაპირი მხარდაჭერა საქართველოს სახელმწიფო აღმშენებლობისა და ეკონომიკური განვითარებისთვის. და მე მინდა ვთქვა, რომ საქართველოს ნამდვილად არ აქვს ნახშირწყალბადების დიდი საბადოები. მას არ აქვს პირველი კლასის სამხედრო ძალა. და ეს არ არის ძალიან დიდ ქვეყანა მოსახლეობით. თუმცა, რაც მას აქვს, ეს არის მიმზიდველობა, რაც ამერიკელებს მართლაც აგრძნობინებს, თითქოს ჩვენ ყველანი ვმუშაობთ საერთო საქმისთვის. მე ვფიქრობ, რომ ამის დეგრადაცია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ძალიან სამწუხარო იყო და ძირს უთხრის ამ იდეას, რომ ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთის მხარდაჭერა გრძელვადიან პერსპექტივაში. ვაშინგტონში არ არსებობს წესი, რომ საქართველოს მხარდაჭერა და ჩვენი ურთიერთობა განუსაზღვრელი ვადით უნდა შენარჩუნდეს ისე, როგორც ეს იყო წარსულში. მე ვფიქრობ, რომ ახლა ჩვენ ვგრძნობთ ამ უთანხმოებას, რომელიც დაიწყო თბილისსა და მის პარტნიორებს შორის ბრიუსელსა და ვაშინგტონში და ეს არის განცდა, რომ ჩვენი ღირებულებების ერთიანობა არც ისე მტკიცეა, ან, როგორც მინიმუმ, ირღვევა. მე ვფიქრობ, თუ არსებობს გზა, რომ ჩვენ დავუბრუნდეთ იმავე გზას, ეს ნამდვილად ეხება ამ საერთო ღირებულებების ხელახლა ხაზგასმას და საერთო საქმისთვის ერთად მუშაობას", - აღნიშნა მაიკლ ჩეჩირემ.
0 კომენტარი