აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, იაპონიის პრემიერმინისტრი ფუმიო კიშიდა და ფილიპინების პრეზიდენტი ფერდინანდ მარკოს უმცროსი ერთმანეთს ხუთშაბათს თავდაცვის სამმხრივ სამიტზე შეხვდებიან. სამიტი ვაშინგტონში სამხრეთ ჩინეთის ზღვაში შექმნილი დაძაბული ვითარების ფონზე იმართება: ჩინეთისა და ფილიპინების სანაპირო დაცვის გემები აქ რეგულარულად ერთვებიან ურთიერთშეტაკებებში, პეკინი კი სულ უფრო მტკიცედ იცავს თავის ტერიტორიულ პრეტენზიებს რეგიონში. ვიზიტის ფარგლებში იაპონიის პრემიერი ფუმიო კიშიდა კონგრესს სიტყვით მიმართავს, რაც მეორე მსგავსი შემთხვევა იქნება 2015 წლის შემდეგ, როდესაც აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით პრემიერმინისტრი შინძო აბე გამოვიდა.
სამიტის წინ ფილიპინების პრეზიდენტმა მარკოსმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებების მთავარი აქცენტი იქნება სამხრეთ ჩინეთის ზღვაში კონფლიქტის თავიდან აცილების გზები.
"ამ სამმხრივი შეთანხმების მთავარი მიზანია, შევძლოთ განვაგრძოთ განვითარება, ერთმანეთის დახმარება და შევინარჩუნოთ მშვიდობა და ნაოსნობის თავისუფლება სამხრეთ ჩინეთის ზღვაში", - განუცხადა მან ჟურნალისტებს ოთხშაბათს ვაშინგტონში გამგზავრებამდე.
თავის მხრივ, იაპონიის პრემიერმა თქვა, რომ იაპონიას, აშშ-სა და ფილიპინებს მჭიდრო თანამშრომლობა სჭირდებათ, რათა უზრუნველყონ "თავისუფალი და ღია წესრიგი, რომელიც დაფუძნებულია კანონის უზენაესობაზე და მიმართულია რეგიონში ეკონომიკური კეთილდღეობისკენ".
0 კომენტარი