ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების უმაღლესმა გენერალმა კრისტოფერ კავოლიმ კონგრესში განაცხადა, რომ რამდენიმე კვირაში შეიარაღების რაოდენობით რუსეთი უკრაინას 10-ჯერ გაუსწრებს, თუ კონგრესი სასწრაფოდ არ იპოვის გზას, დაამტკიცოს კიევისთვის მეტი საბრძოლო მასალისა და იარაღის მიწოდება. უკრაინის დახმარების პაკეტის განხილვა გადამწყვეტ ფაზაში შედის, მაგრამ გარანტია, რომ საკითხი წინ წაიწევს, არ არსებობს.
"მათ ახლა რუსული მხარე შეიარაღების რაოდენობით ხუთჯერ უსწრებს. ეს ნიშნავს, რომ რუსები უკრაინელებს იმაზე ხუთჯერ მეტ საარტილერიო ჭურვს ესვრიან, ვიდრე უკრაინელებს შეუძლიათ ისროლონ საპასუხოდ. რამდენიმე კვირაში თანაფარდობა 10 ერთთან იქნება", - ამბობს კავოლი.
სენატის რესპუბლიკელი სპიკერი მაიკ ჯონსონი ცდილობს, საკითხი კენჭისყრამდე მიიტანოს, მაგრამ წინააღმდეგობას აწყდება ზოგიერთი სენატორის მხრიდან, რომლებიც შეერთებული შტატების შიდა საჭიროებებს, მათ შორის, საზღვრის უსაფრთხოებას, უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნევენ.
"ბრძოლის ველზე ყველაზე სერიოზული მკვლელი არტილერიაა. უმეტეს კონფლიქტებში ასეა, ამ კონფლიქტში კი განსაკუთრებით. და თუ უკრაინას იარაღი ამოეწურება, ამის მიზეზი იქნება ის, რომ ჩვენ შევწყვიტეთ იარაღის მიწოდება", - ამბობს კავოლი. მისივე განცხადებით, "რუსეთმა საკუთარი რაკეტების წარმოება მნიშვნელოვნად გაზარდა და მას შეუძლია ფართომასშტაბიანი შეტევები განახორციელოს ყოველ რამდენიმე დღეში. თუ უკრაინის საჰაერო თავდაცვის მარაგი ამოიწურება, ეს თავდასხმები მთლიანად დაანგრევს უკრაინის ეკონომიკასა და სამოქალაქო საზოგადოებას, ისევე როგორც უკრაინის არმიას, თუ ისინი არ იქნებიან დაცულები აშშ-ს მიერ".
0 კომენტარი