დონალდ ტრამპმა ნიუ-იორკში თაღლითობის საქმეზე გირაოს სახით 175 მილიონი დოლარი გადაიხადა, რითაც თავიდან აიცილა აქტივების, მათ შორის ნიუ-იორკში მდებარე ცათამბჯენ „ტრამპ-ტაუერისა“ და ფლორიდის „მარ-ა-ლაგოს“ რეზიდენციის ჩამორთმევა.
აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად ნიუ-იორკის სასამართლომ ტრამპს გირაოდ 464 მილიონი დოლარი დაუწესა, მაგრამ ტრამპმა ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რის შედეგადაც გირაოს ოდენობა შემცირდა. თუმცა, თუ ტრამპი აპელაციას წააგებს, მას 464 მილიონის გადახდა მაინც მოუწევს.
მიმდინარე წლის თებერვალში ტრამპი დამნაშავედ ცნეს განზრახ ფინანსურ თაღლითობაში. სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ ექსპრეზიდენტი ათი წლის განმავლობაში „განზრახ ბერავდა საკუთარი ქონების ღირებულებას“, რათა შეცდომაში შეეყვანა ბანკები და მიეღო უკეთესი სასესხო პირობები.
ტრამპი, რომელიც მიმდინარე წლის ბოლოს კვლავ იყრის კენჭს პრეზიდენტის პოსტზე რესპუბლიკური პარტიიდან, ყველა ბრალდებას უსაფუძვლოდ მიიჩნევს და მათ პოლიტიკური მიზეზებით ხსნის.
0 კომენტარი