The Insider-ის ერთწლიანმა გამოძიებამ, 60 Minutes-თან და Der Spiegel-თან თანამშრომლობით, აღმოაჩინა მტკიცებულება, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული აუხსნელი ანომალიური ინციდენტები, ასევე ცნობილი როგორც „ჰავანის სინდრომი“, შეიძლება გამოწვეული იყოს რუსული „მთავარი სადაზრერვო სამმართველოს“ (GRU) ერთ-ერთი ქვედანაყოფის წევრების მიერ გამოყენებული ენერგეტიკული იარაღის მიერ. კრემლის ცნობილი სამხედრო დაზვერვის დივერსიული რაზმის წევრები შესაძლოა აშშ-ის მთავრობის უცხო ქვეყნებში მყოფ მთავრობის პერსონალსა და მათი ოჯახის წევრებზე საეჭვო თავდასხმების უკან იდგნენ, რაც აჩენს კითხვებს, თუ რა იცის ვაშინგტონმა „ჰავანის სინდრომის“ წარმოშობის შესახებ და რა შეიძლება იყოს დასავლეთის შესაბამისი პასუხი.

გამოძიების მთავარ მიგნებებს შორის არის ის ფაქტი, რომ ქვედანაყოფის მაღალჩინოსანმა წევრებმა მიიღეს როგორც ჯილდოები, ასევე პოლიტიკურად დაწინაურდნენ „არალეტალური აკუსტიკური იარაღის შემუშავებასთან დაკავშირებული სამუშაოსთვის“. სწორედ ასეთი ტერმინი გამოიყენება რუსულ სამხედრო-სამეცნიერო ლიტერატურაში როგორც აუდიო, ასევე რადიოსიხშირეზე დაფუძნებული ენერგეტიკული მოწყობილობებისთვის. ეს და სხვა ოპერატიული თანამშრომლები, რომლებიც ფარულად მოგზაურობენ, დაფიქსირებულნი არიან მთელი მსოფლიოს მასშტაბით ისეთ ადგილებში და იმ დროს, როდესაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ეს ანომალური ინციდენტები ხდებოდა.

გამოძიება ერთ-ერთ მსხვერპლად თბილისში აშშ-ის საელჩოს თანამშრომელს ასახელებს. ინსაიდერის სტატიაში ის მოხსენიებულია მხოლოდ სახელით - ჯოი, რომელიც თავის ქმართან ერთად ინციდენტის დროს დიღმის მასივში ცხოვრობდა. ჯოი ამბობს, რომ ერთხელ, სრულიად მოულოდნელად, ზარის ისეთი ძლიერი ხმა გაიგონა, რომ ყურებში მძაფრი ტკივილი იგრძნო. ამას მოჰყვა თავის ძლიერი ტკივილი, შემდეგ კი გულისრევა. ჯოიმ ქმარს დაურეკა, შემდეგ კი თავისი ბინის სათვალთვალო კამერის ჩანაწერი შეამოწმა, რათა ენახა, ვინმე ხომ არ იდგა გარეთ.  

აღმოჩნდა, რომ მისი სახლის ფანჯარასთან, ზუსტად იმ ოთახის მოპირდაპირედ, სადაც პირველად ჩაესმა ზარის ძლიერი ხმა, შავი მერსედესი იყო გაჩერებული. ჯოი გარეთ გავიდა და მაღალი, ქერა მამაკაცი დაინახა. შემდეგ ტელეფონი ამოიღო, რომ მისთვის ფოტო გადაეღო, მაგრამ მამაკაცი სწრაფად ჩაჯდა მანქანაში და წავიდა. ჯოიმ მხოლოდ მანქანისა და მისი სახელმწიფო ნომრის დაფიქსირება შეძლო და ამის შემდეგ ქერა მამაკაცი მხოლოდ სამი წლის შემდეგ ნახა, როდესაც ალბერტ ავერიანოვის, GRU-ს ცნობილი დივერსიული ჯგუფის, განყოფილება 29155-ის, წევრის ფოტო აჩვენეს. აშშ-ის მთავრობის ოფიციალური პირები ადასტურებენ, რომ ავერიანოვი ნამდვილად თბილისში იმყოფებოდა იმ დროს, როდესაც ჯოიზე თავდასხმა მოხდა.

Insider-მა, 60 Minutes-მა და Der Spiegel-მა აღმოაჩინეს დოკუმენტური მტკიცებულებები იმისა, რომ განყოფილება 29155 სხვაგანაც ატარებდა მსგავს ექსპერიმენტებს და, როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, ეს ენერგეტიკული იარაღი ამ იდუმალი სამედიცინო მდგომარეობის სავსებით დამაჯერებელი გამომწვევი მიზეზია. GRU-ს ექსპერიმენტები უკვე შეეხო ასზე მეტ ამერიკელ (ასევე კანადელ) ჯაშუშსა და დიპლომატს.

„ჰავანის სინდრომი“ უკვე დიდი ხანია, რაც ითვლება დაგროვილ ბიოლოგიურ ეფექტად, რომელიც სხვადასხვა სახის უნიკალური იარაღის მიერ არის გამოწვეული და ის მოიცავს მრავალ სიმპტომს, მათ შორის: ქრონიკულ თავისტკივილს, თავბრუსხვევას, ხმაურს ყურებში, უძილობას, გულისრევას, ხანგრძლივ ფსიქოფიზიოლოგიურ დაქვეითებას და, ზოგიერთ შემთხვევაში, სიბრმავესაც ან სმენის დაქვეითებასაც კი. ასევე ცნობილია, რომ რამდენიმე ადამიანს დაუდგინდა ტვინის მსუბუქი ტრავმული დაზიანებები, სხვებმა კი განიცადეს ისეთი მძიმე გრძელვადიანი კოგნიტური და ვესტიბულური შედეგები, რომ ყოველდღიურად ვეღარ ფუნქციონირებენ და ჯანმრთელობის მიზეზებით საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებულები არიან.

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *