უკრაინის დახმარებისთვის დამატებით 61 მილიარდი დოლარის დახარჯვის შესახებ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ წამოყენებული წინადადების დაბლოკვიდან ექვსი თვის შემდეგ, წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი, რომელსაც დამოუკიდებლად და ცალმხრივად შეუძლია დანიშნოს კენჭისყრა რესპუბლიკელების მიერ მცირე უპირატესობით კონტროლირებად საკანონმდებლო ორგანოში, როგორც ჩანს, უკრაინის ძალისხმევის მიმართ წინააღმდეგობის პოლიტიკას ცვლის. ზოგიერთი კანონდებლის პენსიაზე გსვლისა და რიგგარეშე არჩევნების გამო, რის შედეგადაც ჯონსონის უმრავლესობა ორ ხმამდე შემცირდა, ხოლო უკიდურესი მემარჯვენე რესპუბლიკელები უარს ამბობენ, ხმა მისცენ ნებისმიერ კანონპროექტს, რომელსაც ორპარტიული მხარდაჭერა აქვს, სპიკერი ჯონსონი ახლა იძულებულია, სულ უფრო მეტად დაეყრდნოს დემოკრატებს, რათა ბიუჯეტები და სხვა საკანონმდებლო ინიციატივები არ ჩაუვარდეს.
ეს ნიშნავს, რომ ის ახლა დემოკრატიული პარტიის დღის წესრიგს უფრო ატარებს, ვიდრე რესპუბლიკურის, უკრაინის მხარდაჭერა კი სწორედ დემოკრატიული პარტიის პრიორიტეტია. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა აპრილის პირველ კვირამდე შვებულებაშია და, როგორც კი ის მუშაობას განაახლებს, კონგრესის ქვედა პალატის სპიკერი, მაიკ ჯონსონი უკრაინისთვის დახმარების მიწოდების თაობაზე დაუყოვნებლივ დანიშნავს კენჭისყრას. ამის შესახებ მისი რამდენიმე კოლეგა საუბრობს. ათობით მილიარდი დოლარის ოდენობის დაფინანსების პირობებში აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს უკრაინაში დიდი რაოდენობით იარაღის გაგზავნა შეუძლია და თან უახლოეს მომავალში. ზოგიერთი იარაღი შესაძლოა პირდაპირ არსებული მარაგიდან გამოიყოს, დაფინანსება კი ამ მარაგების შევსებისთვის იქნას გამოყენებული. გარდა ამისა, სხვა იარაღის შეძენაც შეიძლება პენტაგონის შუამავლობით დადებული ახალი კომერციული კონტრაქტების საშუალებით.
პირველ რიგში და ყველაზე მეტად უკრაინას საარტილერიო ჭურვები ესაჭიროება. სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან პირველი 18 თვის განმავლობაში შეერთებული შტატები უკრაინისთვის საარტილერიო საბრძოლო მასალის ძირითადი მიმწოდებელი იყო. მთლიანობაში ამერიკელებმა კიევს ორი მილიონი ჭურვი გადასცეს. მათი ნახევარი პირდაპირ ამერიკული საწყობებიდან წავიდა, მეორე ნახევარი კი ვაშინგტონმა სამხრეთ კორეისგან შეიძინა. ეს ჭურვები, სხვა წყაროებიდან წამოსულ დამატებით საბრძოლო მასალასთან ერთად, უკრაინულ იარაღს საშუალებას აძლევდა, დღეში 10 000-მდე გასროლა განეხორციელებინა და ასე გრძელდებოდა ომის პირველი წელიწადნახევრის განმავლობაში. ეს სავსებით საკმარისი იყო რუსების მოგერიებისთვის, რადგან მოსკოვმა თავისი მარაგის დიდი ნაწილი ომის პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში ამოწურა. შემდეგ კი, როდესაც რესპუბლიკელებმა უკრაინის დაფინანსება დაბლოკეს და საბრძოლო მასალის კიევისთვის მიწოდება შენელდა, უკრაინელებისთვის ყოველდღიური ჭურვების რაოდენობა ორი მესამედით შემცირდა. თებერვლის ყველაზე მძიმე დღეებში, როდესაც ორიოდე რუსული დანაყოფი მიუახლოვდა ქალაქ ავდეევკას, სადაც უკრაინელები იყვნენ გამარგებულები, რუსებმა უკრაინელებზე ხუთჯერ მეტი ჭურვი გაისროლეს და უკრაინული თავდაცვა გაარღვიეს ისე, რომ საპასუხო ცეცხლი არ ყოფილა.
აშშ-ის არმია ჭურვების ახალ ქარხანას ტეხასში აშენებს და პენსილვანიაში უკვე არსებულ ქარხანასთან ერთად მალე თვეში დაახლოებით 70,000 ჭურვის წარმოება იქნება შესაძლებელი. ეს კი ექვსჯერ მეტია 2022 წლის წარმოების მაჩვენებელთან შედარებით. არ არსებობს მიზეზი, თუ რატომ ვერ უნდა წავიდეს ჭურვების უმეტესობა უკრაინაში, მით უმეტეს, რომ არსებობს დაფინანსება, რომელიც ყოველ ჭურვში 5000 დოლარის გადახდის საშუალებას იძლევა. ევროკავშირის ჭურვებთან ერთად, ასევე ცალკეული ჩეხური ინიციატივის გათვალისწინებით, შეერთებული შტატებიდან ჭურვების სასწრაფო მიწოდებამ შეიძლება უკრაინას მიანიჭოს გრძელვადიანი საარტილერიო უპირატესობა, რაც პირველად მოხდება მას შემდეგ, რაც სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
როგორც კი ჭურვები გაიგზავნება, ამერიკელებს შეუძლიათ უკრაინის სიდიდით მეორე საჭიროება დააკმაყოფილონ: „პატრიოტის" ტიპის საჰაერო თავდაცვის ბატარეები და მისთვის საჭირო რაკეტები. ამერიკული წარმოების „პატრიოტი“ არის უკრაინის საუკეთესო საჰაერო თავდაცვა. მის რაკეტებს, რომელთა მოქმედების მანძილი 90 მილია, თავისუფლად შეუძლიათ ჩამოაგდონ ყველა რუსული რაკეტა, გარდა ყველაზე სწრაფებისა. როდესაც უკრაინელებმა გასული დღის 13 დღეში 12 რუსული ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდეს, ამ საქმის დიდი ნაწილი, დიდი ალბათობით, სწორედ „პატრიოტებმა“ გააკეთეს. მაგრამ უკრაინას ახლა „პატრიოტის“ მხოლოდ სამი ბატარეა აქვს, პლუს, დაახლოებით, სამი ათეული გამშვები დანადგარი, რომელთაგან ორი მარტის დასაწყისში დაკარგეს რუსების ერთ-ერთი მასშტაბური სარაკეტო შეტევისას. ეს ბატარეები სამ ადგილზეა განაწილებული: ერთი იცავს დედაქალაქ კიევს, მეორე - ოდესას, რომელიც სტრატეგიული პორტია შავ ზღვაზე, მესამე კი, როგორც ჩანს, ფრონტის ხაზზე მოძრაობს, რათა რუსულ თვითმფრინავებს შეუტიოს.
იდეალურ ვითრარებაში უკრაინა „პატრიოტის" თითო ბატარეას (რომლის ღირებულება 1 მილიარდი დოლარია) თითოეულ დიდ ქალაქში განათავსებდა და, გარდა ამისა, თითოეული მათგანი აღმოსავლეთ და სამხრეთ ფრონტებსაც შეხვდებოდა. ამ ბატარეებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ ისროლონ მაქსიმალური სიჩქარით, რაც ნიშნავს, რომ მათ დასჭირდებათ მუდმივი და უწყვეტი მომარაგება რაკეტებით, რომელთაგან თითოეული, დაახლოებით, 3 მილიონი დოლარი ღირს. „პატრიოტების" რაოდენობის გაორმაგება ან გასამმაგება უკრაინელებს დაეხმარებოდა ჰაერსა და ფრონტის ხაზზე კონტროლის დაბრუნებაში და ასევე შეეწყვიტა რუსების მხრიდან სისხლიანი სარაკეტო თავდასხმების სახიფათო ტენდენცია.
უკრაინული არტილერიისა და ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების შევსებით, ვაშინგტონმა უნდა გადაარჩინოს უკრაინული არმიის ერთ-ერთი საუკეთესო დანაყოფი - 47 მექანიზირებული ბრიგადა, რომელიც ამერიკული წარმოების ჯავშანტექნიკის, მათ შორის, „M1 აბრამსის" ტიპის ტანკებისა და „M2 ბრედლის“ ტიპის საბრძოლო მანქანების მთავარი ოპერატორია. როგორც კი წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ჯონსონი დაემორჩილება თავისუფალი უკრაინისადმი ამერიკელების უდიდესი უმრავლესობის მხარდაჭერას და ბოლოს და ბოლოს კენჭისყრაზე გაიტანს დახმარების საკითხს, პენტაგონი უკრაინაში ასობით ტანკისა და საბრძოლო მანქანის გაგზავნას შეძლებს.
0 კომენტარი