თეთრ სახლში აცხადებენ, რომ მოსკოვის მტკიცება, თითქოს საკონცერტო დარბაზ „კროკუს სიტი ჰოლზე“ თავდასხმაში უკრაინის ხელისუფლება იყო გარეული, „აბსურდია“ და სრულიად ნათელია, რომ ტერაქტზე „მხოლოდ ისლამური სახელმწიფოა პასუხისმგებელი“. ბრიფინგზე, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონმა წინასწარ რამდენიმე წერილობითი გაფრთხილება გაუგზავნა მოსკოვს მოსალოდნელ თავდასხმასთან დაკავშირებით.
ამ თემას გამოეხმაურა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერიც. მან კრემლის ოფიციალური პირების მხრიდან უკრაინისა და დასავლეთის დადანაშაულებას უპასუხისმგებლო და ცინიკური საქციელი უწოდა. „ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ პრეზიდენტი პუტინი და მისი გუნდის წევრები ეროვნული ტრაგედიის გამოყენებას უკრაინის წინააღმდეგ უკანონო ომის გასამართლებლად ცდილობენ“, - აცხადებს მილერი.
ამასობაში კი მოსკოვში აცხადებენ, რომ ტერაქტში კიევის მონაწილეობის დამადასტურებელი მტკიცებულებები აღმოაჩინეს. რუსეთის სახელმწიფო საგამოძიებო კომიტეტს ეს მტკიცებულებები არ გაუსაჯაროებია და მხოლოდ მათ შინაარსზე ისაუბრა. უწყების წარმომადგენლის თქმით, ტერორისტებმა მნიშვნელოვანი რაოდენობის თანხა და კრიპტოვალუტა მიიღეს უკრაინიდან და რომ ერთ-ერთი დამფინანსებელი უკვე დაკავებულია.
0 კომენტარი