გაეროს უშიშროების საბჭომ პირველად მიიღო რეზოლუცია ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ისე, რომ აშშ-ს ვეტოს უფლება არ გამოუყენებია. ამის შესახებ CNN იუწყება. სავარაუდოა, რომ ეს ფაქტი თელ-ავივში უკმაყოფილებას გამოიწვევს, რადგან რამდენიმე დღის წინ ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მისი დელეგაციის ვაშინგტონში ვიზიტის გაუქმებით დაიმუქრა, თუ შეერთებული შტატები ვეტოს უფლებას არ გამოიყენებდა. CNN ასევე იტყობინება, რომ რუსეთს რეზოლუციის ტექსტში ცვლილების შეტანა სურდა, კერძოდ კი გამოვიდა წინადადებით, გამოყენებულიყო ფრაზა „პერმანენტული ცეხლის შეწყვეტა“, თუმცა საბჭოს სხვა წევრებმა ამ წინადადებას მხარი არ დაუჭირეს. გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ კომენტარი თეთრი სახლის მრჩეველმა ჯონ კირბიმ გააკეთა.
"ჩვენ მუდამ მკაფიოდ ვაცხადებდით, რომ თანმიმდევრულნი ვართ ცეცხლის შეწყვეტის მხარდაჭერაში, რადგან ამას მძევლების გათავისუფლების ნაწილად განვიხილავთ. ჩვენ გვინდოდა, მხარი დაგვეჭირა ამ რეზოლუციისთვის, მაგრამ ტექსტში არ არის დაგმობილი „ჰამასი“, რას საკვანძო საკითხად მიგვაჩნია. ამიტომ, თავის შეკავება ვარჩიეთ" - განაცხადა ჯონ კირბიმ.
ოფიციალური თელ-ავივის რეაქცია ჯერ-ჯერობით უცნობია.
0 კომენტარი