დონალდ ტრამპის იურისტების გუნდი და ნიუ-იორკის გენერალური პროკურატურა დაჩქარებული რეჟიმით მუშაობენ, რათა ორშაბათამდე ყოფილი პრეზიდენტისთვის შეფარდებული მრავალმილიონიანი გირაოს გადახდა უზრუნველყონ.
სამოქალაქო თაღლითობის საქმეში, დონალდ ტრამპს, გირაოს სახით 454 მილიონი დოლარი დაეკისრა და ეს რიცხვი 463.9 მილიონამდე იზრდება, თუ მისი შვილების, ერიკ და დონალდ ტრამპ უმცროსის, ასევე ტრამპის ორგანიზაციისთვის დაკისრებულ თანხებს და პროცენტებს დავუმატებთ. ექსპერტები აცხადებენ, რომ პროკურორი ლეტიშა ჯეიმსი, ტრამპის აქტივების კონფისკაციის რთულ პროცესს დაიწყებს, თუ თეთრი სახლის ყოფილი ლიდერი გირაოს დათქმულ ვადაში არ გადაიხდის.
სასწორზე ტრამპის ისეთი აქტივები დევს, როგორებიცაა შენობები (მათ შორის მარ-ა-ლაგოს რეზიდენცია, რომელიც ფლორიდის შტატში მდებარეობს), სახლები, ავტომობილები, ვერტმფრნები და თვითმფრინავი. თუმცა, ძირითადი ყურადღება მიპყრობილია მის საბანკო ანგარიშებზე, რომელთა კონფისკაცია, როგორც ექსპერტები ამბობენ, უფრო მარტივი იქნება, ვიდრე ქონების ჩამორთმევა.
დონალდ ტრამპმა სააპელაციო სასამართლოს მიმართა თხოვნით, შემცირებულიყო გირაოს ოდენობა ან საერთოდ გაუქმებულიყო ის, რადგან, როგორც ყოფილი პრეზიდენტი ამტკიცებს, უძრავი ქონების აუქციონზე გაყიდვის შემთხვევაში მას გამოუსწორებელი ზიანი მიადგება და გაყიდულს ვერ დაიბრუნებს, თუნდაც აპელაცია მისი გამარჯვებით დასრულდეს.
სასამართლოს ამ საკითხზე გადაწყვეტილება ჯერ არ გამოუტანია.

 

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *