რუსა შელია

საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებისა და ქვეყნის დასავლური კურსის დეკლარირების დღიდან, ვაშინგტონთან ურთიერთობა ოფიციალური თბილისისთვის, უწყვეტად წარმოადგენდა უმთავრეს საგარეო პრიორიტეტს. ქართული მხარის ინტერესების ადვოკატირებისა და სხვადასხვა მიმართულებით, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ, თუ საზოგადოებრივ სფეროებში მჭიდრო თანამშრომლობის ჩამოსაყალიბებლად და მის გასაღრმავებლად კი, ერთ-ერთი ძირითადი როლი, ყოველთვის ენიჭებოდა საქართველოს საელჩოს. ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის პროგრამების დირექტორი, ჯონ ჰერბსტი, Globalnews.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ “ვაშინგტონში საქართველოს საელჩო მუდმივად საკმაოდ აქტიური და მკაფიოდ ჩამოყალიბებული პრიორიტეტებით მოქმედებდა”. შეგვიძლია კი ანალოგიურად დავახასიათოთ საქართველოს საელჩოს მოქმედებები დღეს?! მაგალითად, რამდენად აქტიურად მუშაობს ქართული დიპლომატიური მისია შეერთებული შტატების კონგრესთან არამხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური ურთიერთობების გასაღრმავებლად და შესაბამისი მხარდაჭერის მოსაპოვებლად? არის თუ არა ქართული მხარის ფოკუსში ორ ქვეყანას შორის ხელმოწერილი სტრატეგიული ქარტია, რომელიც ოფიციალურ თბილისსა და ვაშინგტონს შორის თანამშრომლობის ერთ-ერთი ძირითადი ინსტრუმენტია და რომლის პლენარული სხდომა უკვე მეოთხე წელია არ ჩატარებულა?!მოკლედ, შეკითხვა ბევრია და ის უფრო მწვავედ და მძაფრად ისმის იმ ფონზე, როდესაც უკრაინაში რუსულმა სამხედრო აგრესიამ, დასავლეთსა და ყველა იმ სახელმწიფოს, რომელიც საკუთარ მომავალს ამ სივრცეში მოიაზრებს, ერთმანეთთან მუშაობის დამატებითი ძლიერი იმპულსი მისცა. საქართველოს კი, გამოწვევებთან ერთად, მნიშვნელოვანი ხელშესახები შესაძლებლობები გაუხსნა.

"ღვინის დეგუსტაცია, ფილმის ჩვენება, რაგბი და ისევ ღვინო" - რა ღონისძიებებს მართავს საელჩო ვაშინგტონში?

 

საჯარო წყაროებში მარტივადაა შესაძლებელი, მოვიძიოთ ინფორმაცია საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებსა თუ გამართულ შეხვედრებზე, რომელსაც თავადვე აქვეყნებენ. მაგალითად, სოციალურ ქსელ Facebook-ში, თუნდაც ბოლო ექვსი თვის განმავლობაში საელჩოს აქტივობებს თვალს თუ გადაავლებთ, ყოველგვარი სუბიექტური შეფასების გარეშე, ობიექტურად მიხვალთ დასკვნამდე, რომ ქართულმა მხარემ საკუთარი დიპლომატიური მისია, ძირითადად, სოციალური თემატიკის ინტერესებით შემოსაზღვრა. საელჩოს შენობაში აქტიურად ტარდება ქართული ღვინის დეგუსტაციის საღამოები, ფილმების ჩვენება, რაგბის მატჩისადმი მიძღვნილი მიღება და ა.შ. ამ ფონზე კი, აბსოლუტურად მინელდა ტრადიციული დიპლომატიური ფუნქციები, რაც საქართველოსთვის, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. მსგავსი დაუბალანსებელი პრიორიტეტები აჩენს შეკითხვებსაც დიპლომატიური მისიის ზედაპირულობასა და საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზნების არასერიოზულობაზე. 

უფრო კონკრეტულად და ვრცლად კი, ოფიციალურ გვერდზე, საელჩო გვამცნობს შემდეგი დიპლომატიური აქტივობების შესახებ: "კულინარიული დიპლომატიის ფარგლებში საქართველოს საელჩოს დიპლომატებმა, შეფ-მზარეულ უჩა მამულაშვილთან ერთად, საქართველოს სტენდი წარადგინეს ვაშინგტონის საელჩოების შეფ-მზარეულების ფესტივალზე";  ასევე, ავრცელებს ინფორმაციას, რომ "საქართველოს საელჩომ ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოებაზე (ოსკარზე) საქართველოდან წარდგენილი ფილმის - "მოქალაქე წმინდანის" ჩვენებას უმასპინძლა"; კიდევ ერთი ე.წ. პოსტი ეძღვნება ამბავს, რომ "ტეხასის შტატში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანი, გახსნითი სიტყვით გამოვიდა ქალაქ ოსტინში ტეხასის უნივერსიტეტში გამართულ "ღვინის ფორუმზე" და ისაუბრა აშშ-ში ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ექსპორტის ზრდის მნიშვნელობაზე"; ქართული დიპლომატიური მისია, საკუთარ ოფიციალურ გვერდზე გვამცნობს იმასაც, რომ "26 ოქტომბერს, ვაშინგტონში საქართველოს საელჩომ ქართული ღვინის დღეს უმასპინძლა". ამავე გვერდზე წაიკითხავთ, რომ "აშშ-ში საქართველოს საელჩომ რაგბის მსოფლიო ჩემპიონატისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს, როგორც რაგბის მოწინავე ქვეყნის წარმოჩენას და სპორტის სახეობის პოპულარიზაციას ვაშინგტონსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში"; და კიდევ, "საელჩოში ფიჯის მოქალაქე გვესტუმრა, რომელიც რაგბის ერთგული გულშემატკივარია და ხვალინდელ მატჩს ჩვენსავით მოუთმენლად ელის". მოკლედ, ამ და კიდევ მსგავსი ტიპის ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას, საელჩოს ოფიციალურ გვერდზე მრავლად შეხვდებით, რაც საბოლოოდ, ნათელ შთაბეჭდილებას ქმნის, ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, ვაშინგტონში ქართული დიპლომატიური მისიის პრიორიტეტებზე და იმაზეც, თუ როგორ პოზიციონირებს საქართველო გლობალურ ასპარეზზე.

დავალება თბილისიდან თუ ხედვის არარსებობა?

ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის პროგრამების დირექტორი და უკრაინაში აშშ-ის ყოფილი ელჩი, ჯონ ჰერბსტი მიიჩნევს, რომ “საქართველოს საელჩოს პოზიციონირება ვაშინგტონში გამქრალია, რისი მიზეზიც, დიდი ალბათობით, ოფიციალური თბილისის პოლიტიკური ქმედებები და დღის წესრიგია”.

"ჩემი გამოცდილებით, საქართველოს საელჩოს ყოველთვის ჰქონდა აქტიური თანამშრომლობა ვაშინგტონთან და საკმაოდ ლიდერული პოზიციითაც გამოირჩეოდა, თუმცა განსაკუთრებით ბოლო ორი წელია თვალსაჩინო გახდა, რომ ქართული მხარე ვაშინგტონში, ფაქტობრივად, გაქრა და სავარაუდოდ, ამის მიზეზი ისაა, რომ თბილისის პოზიციამ პარტნიორების მიმართ და ასევე, ოფიციალური თბილისის დემოკრატიულმა პრაქტიკამ, ისტორიაში ყველაზე უარეს ნიშნულს მიაღწია. ეს არაერთხელ აღინიშნა საქართველოს მეგობარი ამერიკელების მხრიდან კონგრესშიც. ჩვენ ვხედავთ, როგორ ესხმიან ისინი თავს შეერთებულ შტატებს. ბუნებრივია, ოფიციალური თბილისის ეს პოზიცია საქართველოს საელჩოს მარტივ მდგომარეობაში არ აყენებს”, - აღნიშნა Globalnews.ge-სთან საუბრისას ჯონ ჰერბსტმა.
მისივე განცხადებით, "ტყუილია, რომ თითქოს შეერთებულმა შტატებმა საქართველოში ინტერესი დაკარგა, რადგან ვაშინგტონს ოფიციალურ თბილისთან ყოველთვის ჰქონდა და აქვს კარგი ურთიერთობის სურვილი".
"შესაძლოა, მსგავს განცხადებებს მისი ავტორები შიდაპოლიტიკური დისკუსიისთვის ჭკვიანურ გადაწყვეტილებად მიიჩნევენ, თუმცა განცხადებები, რომ თითქოს შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მიმართ ინტერესი დაკარგა, გახლავთ სრული სიცრუე. ვაშინგტონს ისევე აქვს თბილისთან კარგი ურთიერთობის ინტერესი, როგორც ეს 30 წლის მანძილზე ჰქონდა. ამ განცხადებების ფონზე, ჩანს, რომ დიდი ალბათობით, ისინი დაუცველად გრძნობენ თავს და ცდილობენ მსგავსი ბრალდებებით თავი აარიდონ საკუთარ პასუხისმგებლობას. მსგავსი განცხადებები თავის არიდების მცდელობას ჰგავს, რეალურად იმუშაონ სტრატეგიულ პარტნიორთან დემოკრატიული პრინციპების დაცვით", - განაცხადა ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის პროგრამების დირექტორმა.

საქართველოს ყოფილი ელჩი შეერთებულ შტატებში და ამჟამად ანალიტიკურ ცენტრ Geocase-ს მრჩეველი, თედო ჯაფარიძე კი, ვაშინგტონთან დიპლომატიური ურთიერთობების პირველ წლებს იხსენებს და ამბობს, რომ "აშშ-თან ურთიერთობების დამყარება და გაღრმავება საქართველოს გაცნობირებული არჩევანი იყო, რომლის მიღწევაც ადვილი პროცესი არ გახლდათ", ახლა კი, არსებობს რისკი, რომ ის ქართული ოფიციალური მხარის სურვილით "ჩამოინგრეს".

"ამ ურთულეს პერიოდში, აშშ-ის სტრატეგიულ დღის წესრიგში საქართველოსთვის ადგილის მოპოვება შეძლო და ამით ქვეყნისთვის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნება უზრუნველყო. ეს არ იყო ადვილი პროცესი და ამან განსაზღვრა ჩვენი სტრატეგიული ორიენტაცია და ვექტორები. ახლა ისე არ გამოვიდეს, რომ ეს ყველაფერი ჩამოინგრეს. პრიორიტეტულიბის შენარჩუნება ორმხრივი ფორმატია და ამაზე ორივე მხარემ უნდა იზრუნოს, განსაკუთრებით კი ისეთმა პატარა ქვეყანამ, როგორიც საქართველოა. ეს პრიორიტეტულობა საქართველოს უფრო სჭირდება არსებული პრობლემების გადასაწყვეტად. ამ 30-ზე მეტი წლის განმავლობაში, აშშ-თან ურთიერთობებას საქართველოსთვის ეგზისტენციური მნიშვნელობა ჰქონდა. თუ საქართველო ჯერ გადარჩა და შემდეგ შედგა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, აშშ-ის როლი განუზომლად დიდი იყო. თანაც, ამერიკელებთან ურთიერთობა არასდროს ყოფილა, როგორც ამას ზოგიერთი ამბობს, "ცალ ფეხზე ხტუნაობა" და ვასალობა - ჩვენ ყოველთვის ვაფიქსირებდით ჩვენს სტრატეგიულ ინტერესებს და ამერიკელებიც ამ ყველაფერს გაგებით ხვდებოდნენ. უფრო მეტიც, უფრთხილდებოდნენ და ყოველთვის ჩვენს გვერდით იდგნენ. პოლიტიკაში, სამწუხაროდ, ასე არ ხდება: მე გლანძღე, მაგრამ მოდი, ახლა ეს ყველაფერი დავივიწყოთ, ახალი ფურცელი გადავშალოთ და ურთიერთობები თავიდან დავიწყოთ. ასე არ ხდება დიპლომატიაშიც. დაზიანებული ურთიერთობების გამოსწორებას დრო და რაც მთავარია, აქტიური მუშაობა სჭირდება. რაც შეეხება საელჩოს, საელჩო აკეთებს იმას, რა მიმართულებითაც ინსტრუქციებს დედაქალაქიდან იღებს. ისეთ ურთულეს პერიოდში, რომელშიც ამჟამად მსოფლიო აღმოჩნდა, საქართველომ სწორი სტრატეგიული არჩევანი უნდა გააკეთოს და სწორ მხარეს აღმოჩნდეს. ისე არ მოხდეს, რომ საქართველოს არჩევანი აერიოს. ძალაუფლების სიხელემ, მისი შენარჩუნების, თუ მოპოვების ლტოლვამ, არ უნდა აგვირიოს საკუთარი პრიორიტეტები", - აღნიშნა ყოფილმა ელჩმა.

სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი, ნოდარ ხარშილაძე საკუთარ შეფასებებში უფრო მწვავეა და ვაშინგტონში ქართული დიპლომატიური მისიის მხრიდან ხედვის არარსებობაზე საუბრობს.

"ქართული დიპლომატია ვაშინგტონში, აბსოლუტურად, პასიურ რეჟიმშია გადასული. მეტიც, შთაბეჭდილება იქმნება, რომ თითქოს ელჩი ცდილობს ზედმეტად თვალში არავის მოხვდეს. მიუხედავად რთული პერიოდებისა, საქართველო ყოველთვის ცდილობდა, ვაშინგტონში საკუთარი ინიციატივების წარდგენას როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური მხარდაჭერის მოსაპოვებლად. ყველამ იცის, რომ მაგალითად, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება შეერთებულ შტატებთან, საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ რამდენიმე წლის წინ, სწორედ აქტიური მოლაპარაკებებისა და მუშაობის დაწყებაზე იყო საუბარი და ის საკმაოდ წარმატებითაც მიმდინარეობდა. თუმცა ამ მხრივ მუშაობა, ბოლო წლებია საერთოდ შეჩერდა. დიდი ხანია საქართველო არ გამოსულა არანაირი ინიციატივით და თუ რაიმე ტიპის სიახლე ანონსდება შეერთებულ შტატებთან, ის, ძირითადად, თავდაცვის სფეროს უკავშირდება. ისიც მხოლოდ ამერიკული მხარის ინიციატივით. საერთოდ არ ჩანს დიპლომატიური მისიის მუშაობა კონგრესთან და ე.წ. კონგრესის სტაფერებთან, რომლებიც მაგიდაზე დებენ სწორედ მნიშვნელოვან მასალებს სენატორებისა თუ კონგრესმენებისთვის. ფაქტია, რომ დღეს საქართველოს საელჩოს არ აქვს ხედვა და ინიციატივა, ან წარმოდგენაც კი, რას აკეთებს ან რა უნდა გააკეთოს. ამიტომაცაა ელჩი, ძირითადად, ღვინის დეგუსტაციებისა და მსგავსი ტიპის ღონისძიებების ორგანიზებაზე ორიენტირებული. არავინ ამბობს, რომ ქართული ღვინის პოპულარიზაცია ცუდია, მაგრამ რა დიპლომატიური აქტივობები გვაქვს ამის პარალელურად? არანაირი მნიშვნელოვანი შეხვედრა, მრგვალი მაგიდის ფორმატი, პრეზენტაცია ან სხვა ტიპის აქტივობები, რაც ქართული მხარის უმთავრეს პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს. თუ საელჩო მხოლოდ ღვინის პოპულარიზაციისთვის დაქირავებული მარკეტინგული უწყებაა?! დღეს საქართველოს ელჩი შეერთებულ შტატებში ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრია, ამიტომ კარგად უნდა ესმოდეს, როგორ აღიქმება მისი ასეთი ტიპის ქმედებები. ხომ ყველასთვის ნათელია, რომ ის ღონისძიებები, რომლითაც დღეს საელჩო გამოირჩევა, რეალურ შედეგზე ორიენტირებული არ გახლავთ და მხოლოდ იმას ემსახურება, რომ ელჩმა ე.წ. მარკები მონიშნოს, თითქოს გარკვეული საქმიანობითაა დაკავებული", - აღნიშნა Globalnews.ge-სთან ანალიტოკოსმა.

და ბოლოს, ბუნებრივია, მასალის მომზადებისას, შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოსაც დავუკავშირდით, რათა უშუალოდ ელჩისგან მოგვესმინა, რა ძირითადი პრიორიტეტები განსაზღვრა როგორც დიპლომატმა, რითაც ვაშინგტონში ქართულ მხარეს წარმოადგენს, თუმცა ელჩმა დავით ზალკალიანმა კომენტარზე უარი გვითხრა.

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *