კოლუმბიის ოლქის სენატორი (ჩრდილოვანი) დემოკრატიული პარტიიდან, პოლ სტრაუსი Globalnews.ge-სთან ინტერვიუში საქართველოში 2008 წელს რუსულ სამხედრო აგრესიას იხსენებს და ამბობს, რომ "ყველამ ერთად წარსულიდან გარკვეული დასკვნები გამოვიტანეთ და გაკვეთილები ვისწავლეთ, როდესაც, სამწუხაროდ, რუსეთის მთავრობას ძალიან შორს წასვლის უფლება მივეცით". მისივე თქმით, ვაშინგტონისთვის მნიშვნელოვანი საკითხია, "მხარი დაუჭიროს პარტნიორ სახელმწიფოებს მაშინ, როდესაც ისინი ჩაგვრის წინააღმდეგ იბრძვიან და როდესაც საზღვრებთან ძალადობრივი თავდასხმის მსხვერპლნი ხდებიან".
"ვფიქრობ, ჩვენ ყველამ ერთად წარსულიდან გარკვეული დასკვნები გამოვიტანეთ და გაკვეთილები ვისწავლეთ, როდესაც, სამწუხაროდ, რუსეთის მთავრობას ძალიან შორს წასვლის უფლება მივეცით. რა თქმა უნდა, ვგულისხმობ 2008 წელს რუსეთის ქმედებებს საქართველოში. არამხოლოდ შეერთებული შტატები, ჩვენი სხვა პარტნიორებიც კიდევ უფრო მეტი სიმტკიცით უნდა შევწინააღმდეგებოდით პუტინის აგრესიის დასაწყისს, რასაც სულ რამდენიმე წელიწადში, 2014 წელს ყირიმის ანექსია მოჰყვა. ეს გახლდათ თვალსაჩინო მაგალითი, თუ როგორ დაიწყო კრემლმა საკუთარი მიზნების განხორციელება და რამაც დღევანდელობამდე მოგვიყვანა. 2008 წელს, ქართველმა ხალხმა ნათლად დაინახა, რა მიზანი ამოძრავებს პუტინს და ვფიქრობ, სრულად გააქრო თუნდაც მცირე შესაძლებლობაც კი, რომ კრემლს საქართველოს მიმართ კეთილი ზრახვები ამოძრავებს. ეს ისტორიული გაკვეთილი კიდევ უფრო ამძაფრებს კონგრესში გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობას, რათა პუტინს აღარ მიეცეს შესაძლებლობა, საკუთარი ტერიტორიები სხვისი სუვერენიტეტის ხარჯზე გააფართოვოს. ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხია, მხარი დავუჭიროთ ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოებს მაშინ, როდესაც ისინი ჩაგვრის წინააღმდეგ იბრძვიან და როდესაც საზღვრებთან ძალადობრივი თავდასხმის მსხვერპლნი ხდებიან. დავეხმაროთ მათ დემოკრატიის განვითარებასა და ღირსეული მომავლის შექმნაში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ მყარად ვუჭერთ ყველა ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოს დასავლურ გზაზე და რა თქმა უნდა, ვგულისხმობ, მათ შორის, საქართველოს - დემოკრატია, თავისუფალი ეკონომიკა, თავისუფალი მედია და ღირსეული, დასავლური ცხოვრების პირობები... ეს ღირებულებები გახლავთ ის, რასაც ჩვენ ვუჭერთ მხარს, კრემლი კი, ძალადობითა და აგრესიით ებრძვის", - აღნიშნა სენატორმა პოლ სტრაუსმა.
0 კომენტარი