Globalnews.ge-სთან ინტერვიუში, სენატორი (ჩრდილოვანი) პოლ სტრაუსი (კოლუმბიის ოლქი, დემოკრატიული პარტია) უკრაინაში მიმდინარე პროცესებს აფასებს და აღნიშნავს, რომ "შეერთებული შტატების აბსოლუტურად მყარი პოზიციაა, რომ უნდა განვაგრძოთ უკრაინის დახმარება მანამ, სანამ ეს საჭიროა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად". მისივე განცხადებით, კონგრესის ქვედა პალატაში, უკრაინის დახმარების პაკეტზე შეთანხმებასთან დაკავშირებით "ყოყმანის დრო აღარ არის" და ისტორიული მომენტის სრული გააზრება აუცილებელია. 
"პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ ნამდვილად უმძიმესი და ტრაგიკულია ის ვითარება, რასაც რუსული აგრესიული სამხედრო ძალა უკრაინაში უკვე მეორე წელია ახორციელებს. ფაქტია, რომ პუტინი კიდევ უფრო შეუპოვარია მისი ამბიციების განხორციელების გზაზე და დროთა განმავლობაში, ძალადობის უფრო ფართო მასშტაბებს იძენს. მეორე მხრივ, საამაყო და სამაგალითოა, თუ როგორ იბრძვის უკრაინელი ხალხი საკუთარი თავისუფლების დასაცავად და რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ. რაც შეეხება ვაშინგტონში უკრაინის მხარდაჭერის საკითხს - შეერთებული შტატების აბსოლუტურად მყარი პოზიციაა, რომ უნდა განვაგრძოთ უკრაინის დახმარება მანამ, სანამ ეს საჭიროა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად და გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ უკრაინელ ხალხს პუტინის მიერ დაწყებულ არაპროვოცირებულ და აბსოლუტურად გაუმართლებელ ომში. უკრაინას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში, თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი და ამ პოზიციას ვაშინგტონში ჩვენს პარტნიორ ევროპულ ქვეყნებთან ერთად სრულად იზიარებს", - აღნიშნა სენატორმა პოლ სტრაუსმა. 

შეკითხვაზე, რას უკავშირდება რესპუბლიკური პარტიის ნაწილში უკრაინის დაფინანსების საკითხთან დაკავშირებული სკეპტიციზმი, სენატორი გვპასუხობს, რომ "იმედგაცრუებულია რესპუბლიკელთა ნაწილის დამოკიდებულებით", თუმცა აღნიშნავს იმასაც, რომ საბოლოოდ, კანონპროექტზე ორპარტიული შეთანხმების მოლოდინი აქვს. 

"ბუნებრივია, რომ ამერიკელი ხალხის ნაწილი ღელავს, როდესაც ვსაუბრობთ სხვა ქვეყნის დემოკრატიული ღირებულებებისა და ტერიტორიული მთლიანობის ფინანსური მხარდაჭერის საკითხზე. თუმცა აბსოლუტურად დარწმუნებით შემიძლია იმის თქმაც, რომ ჩვენი მოსახლეობის სრულ უმრავლესობას გათვითცნობიერებული აქვს ის ფასი, რასაც დემოკრატიის დაცვა და მხარდაჭერა ჰქვია. ისიც გააზრებული გვაქვს, თუ რამდენად უფრო ძვირი ფასი შეიძლება ჰქონდეს ახალი მსოფლიო ომის დაწყების შესაძლო რისკებსა და ავტორიტარული სახელმწიფოებიდან მომდინარე საფრთხეებს. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი არ გახლავთ ომში წასვლა, მაგრამ მაშინ, როდესაც ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოს ავტირიტარული ქვეყნები ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვის საფრთხეს უქმნიან, ჩვენ თავს ვალდებულად მივიჩნევთ, მათ გვერდით დავდგეთ. სხვაგვარი დამოკიდებულება, უბრალოდ, მოკლევადიან შედეგზეა გათვლილი, რადგან იზოლაციის მხარდაჭერა არ გახლავთ სათანადო პასუხი იმ გამოწვევებზე, რომელსაც ავტორიტარული სახელმწიფოები თანამედროვე მსოფლიოს უქმნიან. იმედგაცრუებული ვარ, რომ რესპუბლიკურ პარტიაში ვერ ვხედავ იმ ისტორიული მომენტის სრულ გააზრებას, რომლის წინაშეც ამჟამად ვდგავართ და რაც ისტორიულად დამახასიათებელი იყო ამ პარტიისთვის - ეროვნული ინტერესების დაცვა და თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი ძლიერი ერთგულების გამოხატვა. მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც ისე, როგორც ახლა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, არასდროს ყოფილა ასე ცხადი, თუ რა მიზნები ამოძრავებს კრემლს. ყოყმანის დრო აღარ არის! ამოიწურა... ომი, რომელიც ვლადიმერ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ დაიწყო, მტკიცე პასუხის გაგრძელებას საჭიროებს. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ საბოლოოდ, დარწმუნებული ვარ, ამ პასუხს ბატონი პუტინი, შეერთებლი შტატებისგან ორპარტიული შეთანხმებით, აუცილებლად მიიღებს," - აღნიშნა სენატორმა პოლ სტრაუსმა Globalnews.ge-სთან ინტერვიუში. 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *