აშშ-ში გამართული "სუპერ სამშაბათის" შემდეგ, როდესაც პარტიების პრაიმერიზი ერთდროულად 15 შტატში ჩატარდა, ნათელი გახდა, რომ ქვეყნის ეროვნულ არჩევნებში ერთმანეთს დემოკრატიული პარტიიდან მოქმედი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, რესპუბლიკური პარტიიდან კი, ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დაუპირისპირდებიან. თუმცა პრეზიდენტობის კანდიდატების ოფიციალურ წარდგენამდე, საბოლოო პარტიული ნომინაცია უნდა მოპოვონ.
„დღევანდელი შედეგები ამერიკელ ხალხს მკაფიო არჩევანის წინაშე ტოვებს: ვაპირებთ თუ არა წინსვლას, თუ დონალდ ტრამპს მივცემთ უფლებას, დაგვაბრუნოს ქაოსში, განხეთქილებასა და სიბნელეში, რითაც მისი მმართველობა იყო აღბეჭდილი", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა "სუპერ სამშაბათის" დასრულების შემდეგ.
ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კი, "სუპერ სამშაბათი" "დიდებულ საღამოდ" შეაფასა და თქვა, რომ მისთვის "პატივია, წარმოადგინოს არა მხოლოდ რესპუბლიკური პარტია, არამედ მთელი ქვეყანა გაჯანსაღებისა და კეთილდღეობისკენ მიმავალ გზაზე". აღსანიშნავია, რომ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, რესპუბლიკური პარტიის პრაიმერიზი 14 შტატში, მათ შორის ტეხასში, ვირჯინიასა და ჩრდილოეთ კაროლინაში მოიგო. მისმა კონკურენტმა, ნიკი ჰეილიმ გამარჯვების მოპოვება კი, მხოლოდ ვერმონტის შტატში შეძლო. ამერიკული მედიის ცნობით, რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატობისთვის მებრძოლი დონალდ ტრამპის უკანასკნელი კონკურენტი რესპუბლიკურ პარტიაში, ნიკი ჰეილი თავის კამპანიას შეწყვეტს და საარჩევნო რბოლას გამოეთიშება. დაანონსებულია, რომ დღევანდელ ბრიფინგზე ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 5 ნოემბერს გაიმართება.
0 კომენტარი