ილინოისის შტატის მოსამართლემ, ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, შტატის საარჩევნო ბიულეტენში მისი სახელის განთავსება აუკრძალა. როგორც ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა მოტივით, რომ დონალდ ტრამპი მონაწილეობდა 2021 წლის 6 იანვრის მოვლენებში, როდესაც მისი მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უკანონოდ გააპროტესტეს.
მოსამართლე ტრეისი პორტერის განკარგულებით, შტატის საარჩევნო კოლეგიას დაევალა, ყოფილი პრეზიდენტი ილინოისის 19 მარტის პირველადი კენჭისყრიდან ამოეღოთ. გადაწყვეტილების აღსრულება 1 მარტამდეა შეჩერებული, რათა ყოფილი პრეზიდენტის იურისტებს შესაძლებლობა მიეცეთ, ილინოისის შტატის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრონ.
აღსანიშნავია, რომ მოსამართლე პორტერმა გადაწყვეტილება იმ ფონზე მიიღო, როდესაც აშშ-ის უზენაესი სასამართლო ჯერ კიდევ განიხილავს ყოფილი პრეზიდენტის კენჭისყრის უფლებას მას შემდეგ, რაც კოლორადოს უზენაესმა სასამართლომ ანალოგიური ბრძანება გამოსცა და დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებსა და პრაიმერისში მონაწილეობა აუკრძალა.
0 კომენტარი