Globalnews.ge-სთან ინტერვიუში, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ევრაზიის რეგიონული დირექტორი, სტივენ ნიქსი იმ პოლიტიკურ თავდასხმებსაც პასუხობს, რომელიც მუდმივად ისმის მმართველი გუნდისგან მაშინ, როდესაც ორგანიზაცია კვლევის შედეგებს აქვეყნებს. IRI-ს ევრაზიის რეგიონული დირექტორი ამბობს, რომ "ორგანიზაცია ყველა ქვეყანაში, სადაც მუშაობს, მაღალი სანდოობითა და პატივისცემით სარგებლობს".
"ყველა ქვეყანაში, სადაც ვმუშაობთ, “აირაი” პატივისცემას იწვევს. ჩვენი ორგანიზაცია მაღალი სანდოობით დამკვიდრებული ბრენდია. ჩვენ რეგიონში მრავალი არჩევნების შედეგების პროგნოზირება შევძელით. რეგიონის ქვეყნებს რომ ჰკითხოთ, მაგალითად, მოლდოვას, სომხეთსა თუ სხვა რომელიმე ქვეყანას, სადაც გამოკითხვებს ვატარებთ და ვმუშაობთ, ჩვენს მონაცემებს ყველა პატივს სცემს და მას ეფექტურად იყენებს. ასე რომ, მე “აირაის” მხარეს დავდგები 110%-ით. დარწმუნებული არ ვარ, რა არის ამის (თავდასხმების) მიზანი, მაგრამ “აირაი” გააგრძელებს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის ჩატარებას საქართველოსა და სხვა ქვეყნებში, რომლებშიც ვმუშაობთ და იმ საქმიანობის გაგრძელებას, რაც მნიშვნელოვანია როგორც მთავრობებისთვის, ისე პოლიტიკური პარტიებისთვის" - აღნიშნა სტივენ ნიქსმა.
შეკითხვაზე, IRI-ს მიერ ჩატარებული კვლევის კიდევ ერთ ნაწილზე, რომელიც ოპოზიციურ პარტიებს ეხება, სურს თუ არა დღეს ქართველ ამომრჩეველს ოპოზიციური ძალების გაერთიანება, IRI-ს ევრაზიის რეგიონული დირექტორი ამბობს, რომ "ოპოზიციური პარტიების გადასაწყვეტია, აირჩევენ თუ არა ინდივიდუალურად მიიღონ მონაწილეობა, თუ რაიმე სახის კოალიცია შექმნან. ჩვენ მათ ნებისმიერ გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ. თუმცა გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ახლა გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობა საკმაოდ მაღალია, რაც გვეუბნება, რომ, შესაძლოა, ეს იყოს ძალიან კონკურენტული საპარლამენტო არჩევნები".
0 კომენტარი