Globalnews.ge-სთან ინტერვიუში, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ევრაზიის რეგიონული დირექტორის, სტივენ ნიქსის შეფასებით, ქართველ ხალხს ევროკავშირის ნაწილად ყოფნა სურს და ორგანიზაციის მიერ ჩატარებული გამოკითხვები მოწმობს, რომ ანტიდასავლურმა დეზინფორმაციულმა კამპანიამ მათ არჩევანზე გავლენა ვერ მოახდინა. 

"ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად თანმიმდევრული მონაცემები გამოკითხვებში. ევროკავშირში გაწევრიანების მსურველთა რიცხვი ყოველთვის მყარი და თანმიმდევრული იყო და ახლაც უმაღლეს ნიშნულზეა. საქართველოს მოქალაქეების 83% ამბობს, რომ სურთ ევროკავშირის წევრნი გახდნენ. ასე რომ, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება სწორედ ქართველი ხალხის სურვილზე გამოხმაურება გახლდათ. ახლა მთავრობას, პოლიტიკოსებს, პარლამენტს ევალება უზრუნველყოს, რომ საქართველო დგამს და ასრულებს ყველა ნაბიჯს პროცესის გასაგრძელებლად. ჩვენ ამას ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით. მეორე მხრივ, ყურადღებით ვადევნებდით თვალს, რა გავლენას მოახდენდა ანტიდასავლური პროპაგანდისტული დეზინფორმაცია კვლევის მაჩვენებლებზე. ამ მხრივ ცვლილება არ არის ევროკავშირის მხარდამჭერთა ლიდერობის თვალსაზრისით. ევროკავშირში გაერთიანება რჩება მთავარ პრიორიტეტად. ქართველებს სურთ დასავლეთის ნაწილი გახდნენ", - განაცხადა IRI-ს ევრაზიის რეგიონულმა დირექტორმა. 

მისივე დაკვირვებით, გამოკითხვის მაჩვენებლების ანალიზის შედეგად გამოიკვეთა ქართველი ხალხის განწყობა რუსეთის მოქალაქეების საქართველოში ყოფნასთან დაკავშირებითაც. როგორც IRI-ს წარმომადგენელი აღნიშნავს, "რუსეთის მოქალაქეები არ მიმართავენ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით, მათ სურთ დარჩნენ რუსეთის მოქალაქეებად და სწორედ აქ უნდა დაისვას შეკითხვა, რას აკეთებენ ისინი საქართველოში". 

"ჩვენ ვხედავთ მნიშვნელოვან ტენდენციებს რუსეთთან დაკავშირებითაც, კერძოდ, საქართველოს მოსახლეობის 77%, ანუ აბსოლუტური უმრავლესობა გრძნობს, რომ რუსეთი წარმოადგენს უდიდეს ეგზისტენციალურ საფრთხეს მათი უსაფრთხოებისთვის. ეს საკმაოდ შთამბეჭდავი რიცხვია. ჩვენი მონაცემების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა გრძნობს, რომ რუსეთი წარმოადგენს როგორც შიდა, ისე საგარეო საფრთესაც, რადგან მოქალაქეების 73%-ს არ სურს მთავრობამ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში საბანკო ანგარიშებისს გახსნისა და ბიზნესის წარმოების შესაძლებლობა მისცეს. რუსეთის მოქალაქეები არ მიმართავენ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით, მათ სურთ დარჩნენ რუსეთის მოქალაქეებად და სწორედ აქ უნდა დაისვას შეკითხვა, რას აკეთებენ ისინი საქართველოში. ვფიქრობ, ამ მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოს მთავრობის მოვალეობაა, ზედმიწევნით გაარკვიოს, რას აკეთებს რუსეთი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარე საფრთხეების შესაქმნელად. არც ისე დიდი ხნის წინ, რუსეთმა გამოაცხადა, რომ აფხაზეთში საზღვაო ბაზის აშენებას აპირებს. ამას ის მარტივი მიზეზის გამო აკეთებს. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, შავი ზღვიდან რუსული ფლოტი განდევნეს. რუსეთს შავ ზღვაში აღარ დარჩა ადგილი, სადაც გემებს განათავსებს და ცდილობს ისინი ნოვოროსისკსა და სოჭში გადაიტანოს, რომლებიც არ გახლავთ ღრმაწყლოვანი პორტები. ისინი ეძებენ ღრმა წყლის პუნქტებს და ჰგონიათ, რომ ასეთი ადგილი სწორედ აფხაზეთში იპოვეს. ეს საფრთხეს უქმნის არამხოლოდ უკრაინას, არამედ, შესაძლოა, საქართველოს ტერიტორია გამოყენებულ იქნას სხვა ქვეყნების წინაააღმდეგ, რაც ჩვენი გამოკითხვების მიხედვით, საქართველოში შეშფოთებას იწვევს. ვფიქრობ, გამოკითხვის მონაცემები გვეუბნება, რომ ქართველ ხალხს სურს, საქართველოს მთავრობამ გააგრძელოს რუსეთთან ურთიერთობის შენარჩუნება, მაგრამ ამავე დროს აღიაროს, რომ რუსეთი წარმოადგენს სერიოზულ სამხედრო საფრთხეს ქვეყნისთვის. მათ არამხოლოდ საქართველოს 20% დაიკავეს უკანონოდ, არამედ შესაძლოა, საქართველოს სამხედრო საფრთხე მომავალშიც შეუქმნან. ასე რომ, ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი პუნქტია. ჩვენ ვნახეთ დეზინფორმაცია იმის შესახებ, რომ დასავლეთი გარკვეულწილად საფრთეს უქმნიდა საქართველოს. გამოკითხვის შედეგებით ნათლად ჩანს, რომ ქართველი ხალხის აზრით, ნებისმიერი საფრთხე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, მხოლოდ პირდაპირ რუსეთის ფედერაციიდან მოდის. დემოკრატიის ერთ-ერთი მახასიათებელი სწორედ ისაა, რომ ხელისუფლება ხალხის მოთხოვნას პასუხობს. ხალხი მთავრობას ირჩევს მათი ინტერესების წარმომადგენლად. ასე რომ, დემოკრატიულ სისტემაში, თუ ხალხი მკაფიოდ გამოხატავს ინტერესებს, მათ სურვილებს მთავრობამ შესაბამისად უნდა უპასუხოს და შესაბამისად იმოქმედოს. ასე რომ, მოლოდინი გვაქვს, რომ მთავრობის ლიდერები ამას გაითვალისწინებენ რუსეთის მიმართ პოლიტიკის ჩამოყალიბებისას", - განაცხადა Globalnews.ge-სთან ინტერვიუში, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ევრაზიის რეგიონულმა დირექტორმა, სტივენ ნიქსმა. 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *