Globalnews.ge-სთან ინტერვიუში, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის რეგიონული დირექტორი, სტივენ ნიქსი აღნიშნავს, რომ სამთავრობო ცვლილებების ფონზე, მოლოდინი არსებობს, რომ საქართველოში არჩევნები კარგი ადმინისტრირებისა და გამჭვირვალობის პირობებში ჩატარდება, ამასთან, საქართველოს მთავრობა გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ქვეყანა ევროკავშირის წევრობის მოლაპარკაბების გახსნის ეტაპზე გადავიდეს.
“საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრს მრავალი წელია ვიცნობთ და მასთან ვმუშაობდით, როგორც მისი პარლამენტში მუშაობის პერიოდში, ასევე პარტიაში ყოფნისას. ახლა ჩვენ მოუთმენლად ველით მასთან, როგორც პრემიერ-მინისტრთან და ასევე, მთავრობის სხვა წევრებთან მუშაობას. ჩვენ მივესალმებით ამ პოსტიდან მის პირველ მიმართვას, როდესაც განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი ევროკავშირში ინტეგრაციაა. ეს არის ის, რასაც ყველანი მოუთმენლად ველოდებით და მხარს ვუჭერთ და მოხარულები ვართ, რომ სწორედ ეს გახლავთ მთავრობის მთავარი პრიორიტეტი. მოლოდინი გვაქვს და ვგულისხმობ არჩევნებს, რომ ის კარგად ადმინისტრირებული იქნება და საქართველოსა და ქართველი ხალხის ნებას უზრუნველჰყოფს. ასევე, არსებობს მოლოდინი, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსიდან ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებების გახსნის ეტაპზე გადავა. აშშ-ის მხრიდან არის მოლოდინი, რომ საქართველოს მთავრობა და მმართველი პარტია გააკეთებენ ყველაფერს, რომ ეს შედეგი მიიღონ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, კარგად ადმინისტრირებული და გამჭვირვალე არჩევნებით და ქართველი ხალხის ნების ამსახველი შედეგებით. მთავარი ის არის, რომ ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ საარჩევნო კამპანიის პერიოდს და ამას ვაკეთებთ იმის გამო, რომ ქართველი ხალხი დარწმუნდეს არჩევნების კარგად ადმინისტრირებაში. ჩვენ გვინდა, ქართველმა ხალხმა იგრძნოს, რომ პატივს საცემენ. ვფიქრობთ, საერთაშორისო დამკვირებლების ყოფნა ამ პროცესში ქართველ ხალხს მეტი ნდობის განცდას უქმნის, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდება და ის ქვეყნის ნების ამსახველი იქნება”, - განაცხადა ევრაზიის რეგიონულმა დირექტორმა.
შეკითხვაზე, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საერთაშორისო დამკვირებლები დარწმუნდნენ, რომ ოქტომბრის არჩევნები საქართველოში სწორედ კარგად ადმინისტრირებულ და გამჭვირვალე პირობებში ჩატარდება, სტივენ ნიქსი პასუხობს, რომ “ეს კარგადაა ასახული იმ პირობებში, რომელიც საქართველომ ჯერ კიდევ კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე მიიღო”.
“ეს ყველაფერი კარგადაა ასახული იმ პირობებში, რაც საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას დაიდო და რომელიც ანალოგია იმისა, რაც საქართველომ რეკომენდაციის სახით მიიღო მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ კანდიდატის სტატუსის მინიჭების გზაზე იყო. მაშინ ერთ-ერთი დებულება გახლდათ სასამართლო რეფორმა, ადმინისტრაციული რეფორმა და სხვა რეფორმები, რომლითაც საქართველოს დაეკისრა ვალდებულებები და ამის საფუძველზე განიცადა პროგრესი. ჩვენ იმედი გვაქვს და მხარს ვუჭერთ საქართველოში რეფორმების გატარების პროცესის გაგრძელებას. "აირაის" გამოკითხვის მონაცემები მიუთითებს, რომ ქართველი ხალხის 90%-ს სურს, ქვეყანა ევროკავშირის ნაწილი გახდეს. ასე რომ, როგორც მთავრობის, მმართველი პარტიისა და ოპოზიციური ძალების ვალდებულებაა, ყველამ ერთად იმუშაოს, რომ ამ შედეგს მიაღწიონ. პროცესის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი კი, არჩევნები იქნება და IRI-ი სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს. აგვისტოში საქართველოში გრძელვადიან დამკვირებლებს გავაგზავნით. საარჩევნო კამპანიის დასაკვირვებლად, არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე მოკლევადიანი დამკვირებლებიც ჩამოვლენ იმ იმედით, რომ საქართველოი მიაღწევს ისტორიულ ნაბიჯს, რაც ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებებზე წინსვლას გულისხმობს. ეს რომ მოხდეს, არჩევნები კარგად უნდა ჩატარდეს. საერთაშორისო მონაწილეობა, რომელიც არჩევნებში სადამკვირებლო ინტერესს იწვევს, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ცხადყოფს, რომ ქართველი ხალხი, ამერიკული და ევროპული ინსტიტუტები, მთლიანად დასავლური ინსტიტუტები ზრუნავენ საქართველოზე, ქართველ ხალხზე და სურთ უზრუნველყონ, რომ ქვეყანამ დაიკავოს თავისი კანონიერი ადგილი ევროპაში. სწორედ ამისკენაა ჩვენი ძალისხმევა მიმართული. მთავარი არსი ისაა, რომ საქართველო ევროპის ნაწილია და უნდა იყოს ევროკავშირის ნაწილი. ყველაფერი, რასაც “აირაი” გააკეთებს არის ის, რომ დაეხმაროს საქართველოს ევროკავშირის წევრობის გზაზე”, - განაცხადა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის რეგიონულმა დირექტორმა, სტივენ ნიქსმა Globalnews.ge-სთან საუბრისას.
0 კომენტარი