მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, სადაც კიდევ ერთელ გაესვა ხაზი კიევის მიმართ დასავლეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას. შეკითხვაზე, "ჩვენ ვხედავთ, რამდენად რთულია კონგრესისთვის უკრაინის დახმარების საკითხზე შეთანხმება. ამ ფონზე, შეგიძლიათ დაწვრილებით აგვიხსნათ, რატომ გადაიდო მსგავსი სასიცოცხლო საკითხის განხილვა და აქვს თუ არა შეერთებულ შტატებს გეგმა B იმ შემთვევისთვის, თუ წარმომადგენელთა პალატა უკრაინის დახმარების პაკეტს არ დაადასტურებს", ვიცე-პრეზიდენტმა უპასუხა, რომ არსებობს მხოლოდ გეგმა A.
"არსებობს მხოლოდ გეგმა A, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინამ მიიღოს ის, რაც სჭირდება. სრულად მჯერა, რომ დამატებითი დაფინანსების პაკეტი წარმომადგენელთა პალატას გაივლის. მჯერა იმისიც, რომ შეერთებული შტატების კონგრესში სრული კონსესუსია, მოსკოვის აგრესიის სასტიკ ხასიათზე და იმ პასუხზე, რომელიც მოიცავს ჩვენი მეგობრების გვერდით დგომასა და მათ მხარდაჭერას აგრესიასთან ბრძოლაში. მჯერა, არსებობს კონსენსუსი, რომ შეერთებული შტატების ადმინისტრაცია და კონგრესში არჩეული ლიდერები უნდა გაერთიანდნენ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ისე, როგორც ეს უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ხორციელდებოდა. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, რათა მხარი დავუჭიროთ უკრაინას მის ბრძოლაში გახდეს და შეინარჩუნოს სახელმწიფო, როგორც დამოუკიდებელმა და დემოკრატიულმა ერმა", - აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
ერთობლივ პრესკონფერენციაზე, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებში, "საარჩევნო, შიდა, პოლიტიკური გამოწვევები არსებობს, მაგრამ ბევრი რამ არის დამოკიდებული კონგრესში ერთიან ხმის მიცემის პროცედურაზე“.
„ჩვენ ვიმედოვნებთ კონგრესი პოზიციურ გადაწყვეტილებას მიიღებს, რაც ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია", - აღნიშნა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.
შეკითხვა დაისვა უკრაინასთან უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმების ხელმოწერაზეც. კერძოდ, შეკითხვაზე, დიდი ბრიტანეთის, ასევე, საფრანგეთისა და გერმანიის შემდეგ, როდის მოეწერება ხელი ხელშეკრულებას უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის", პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამ მიმართულებით მისი გუნდი აქტიურად მუშაობს.
"რაც შეეხება უსაფრთხოების გარანტიებს, დიახ, ჩვენი მხარეები ამ საკითზე მუშაობენ. ჩვენ უკვე ჩავატარეთ მოლაპარაკებების ორი რაუნდი და დარწმუნებული ვარ, რომ პარტნიორებთან ძლიერი დოკუმენტი გვექნება, თუმცა, შევთანხმდით, რომ ყველამ გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რაც ახლაა საჭირო. კერძოდ, შეერთებული შტატების კონგრესთან მუშაობაზე, რომლის შემდეგაც უსაფრთხოების გარანტიების საკითზე გადავალთ", - განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.
0 კომენტარი