აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, "ნავალნის ბევრი რამ ჰქონდა, რაც პუტინს არ გააჩნდა, სიმამაცე, პრინციპულობა, ისეთი რუსეთის აშენებისადმი ერთგულება, რომელშიც კანონის უზენაესობა იქნებოდა".
„თუ ნავალნის გარდაცვალების შესახებ ცნობები სიმართლეს შეესაბამება და არ მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ ეს ასე არ არის, რუსეთის ხელისუფლება საკუთარი ისტორიის მოყოლას შეეცდება, მაგრამ არ შეცდეთ: პუტინია პასუხისმგებელი ნავალნის სიკვდილზე. პუტინი პასუხისმგებელია ნავალნის სიკვდილზე, პუტინი პასუხისმგებელია იმაზე, თუ რა დაემართა ნავალნის და ეს პუტინის სისასტიკის კიდევ უფრო დიდი დასტურია. არავინ უნდა მოტყუვდეს, არც რუსეთში, არც აქ, არც სადმე მსოფლიოში, პუტინი სამიზნეში იღებს არა მხოლოდ სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, როგორც ამას ახლა უკრაინაში ვხედავთ, არამედ საშინელ დანაშაულებებს სჩადის საკუთარი ხალხის მიმართაც. დღეს ბევრი ადამიანი მსოფლიოსა და რუსეთში ნავალნის გლოვობს, რადგან მას ბევრი რამ ჰქონდა, რაც პუტინს არ გააჩნდა: სიმამაცე, პრინციპულობა, ისეთი რუსეთის აშენებისადმი ერთგულება, რომელშიც კანონის უზენაესობა იქნებოდა და ყველაზე თანაბრად გავრცელდებოდა,” - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ნავალნი "გამბედაობით დაუპირისპირდა კორუფციას, ძალადობასა და ყველა იმ ცუდ ფაქტს, რასაც პუტინის მთავრობა აკეთებს. ამის საპასუხოდ კი, პუტინმა ნავალნი მოწამლა, დააპატიმრა და შეთითხნილი დანაშაულებისთვის მისი დევნა დაიწყო".
"ციხეშიც კი ის იყო სიმართლის ძლიერი ხმა. მას შეეძლო უსაფრთხოდ ეცხოვრა ემიგრაციაში 2020 წელს მასზე განხორციელებული მკვლელობის მცდელობის შემდეგ, რამაც ის თითქმის იმსხვერპლა, თუმცა ის დაბრუნდა რუსეთში. იცოდა, რომ სავარაუდოდ დააპატიმრებდნენ, შესაძლოა მოკლავდნენ, თუ თავის საქმიანობას გააგრძელებდა, მაგრამ მან ეს მაინც გააკეთა. გააკეთა იმის გამო, რომ ძალიან ღრმად სწამდა თავისი ქვეყნის, რუსეთის", - აღნიშნა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.
მან კიდევ ერთხელ მოუწოდა რესპუბლიკურ პარტიას, უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფის საკითხს მხარი დაუჭირონ, რადგან "ამ კრიტიკულ მომენტში, უკრაინის მხარდაჭერის ჩავარდნას, ისტორია არასოდეს დაივიწყებს".
„ჩვენ უნდა მივცეთ დაფინანსება უკრაინას, რათა მათ შეძლონ თავის დაცვა პუტინის სასტიკი თავდასხმებისა და ომის დანაშაულებისგან. ისტორია წარმომადგენელთა პალატას აკვირდება, ამ კრიტიკულ მომენტში, უკრაინის მხარდაჭერის ჩავარდნას, ისტორია არასოდეს დაივიწყებს", - დასძინა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.
0 კომენტარი