აშშ-ის სენატმა 95 მილიარდიანი პაკეტი დაამტკიცა, რომელიც უკრაინისთვის, ისრაელისა და ტაივანისთვის დამატებით ფინანსურ დახმარებას ითვალისწინებს. დოკუმენტი კონგრესის ზედა პალატაში 70 ხმით დაამტკიცეს, მათ შორის, 22 რესპუბლიკელი, 29 სენატორმა კი, კანონპროექტის წინააღმდეგ მისცა ხმა, რომელთა შორის ორი დემოკრატი სენატორი აღმოჩნდა. მათ საკუთარი პოზიცია ღაზას სექტორში არსებული ვითარების ფონზე, ისრაელის მიმართ არსებული მწვავე შეკითხვებით ახსნეს. სენატში კანონპროექტი გამთენიისას, თითქმის ექვსსაათიანი დებატების შემდეგ, დილის 5 საათზე მიიღეს.
კონგრესის ზედა პალატაში დოკუმენტის დამტკიცების შემდეგ, ის განსახილველად ქვედა პალატაში გაიგზავნება, რომლის შემდეგაც, მას საბოლოოდ ხელი პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს, თუმცა სპიკერი მაიკ ჯონსონი ამბობს, რომ საკუთარი პოზიციის შეცვლას არ აპირებს და კანონპროექტს ქვედა პალატის სხდომაზე განსახილველად არ წარადგენს, რადგან ის სასაზღვრი უსაფრთხოების გამკაცრების ზომებს არ მოიცავს.
„სასაზღვრო პოლიტიკის არარსებობის შემთხვევაში, სენატისგან რაიმე ცვლილებაზე შეთანხმება ნიშნავს, რომ ქვედა პალატას მოუწევს ამ მნიშვნელოვან საკითხზე მუშაობა საკუთარი ნებით გააგრძელოს. ამერიკა იმსახურებს უკეთესს, ვიდრე არსებული სენატია", - თქვა ჯონსონმა ორშაბათს ღამით განცხადებაში.
სპიკერი მაიკ ჯონსონი, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი მოკავშირეები კონგრესის ქვედა პალატაში უკვე რამდენიმე თვეა უკრაინისთვის დამატებითი დახმარების გამოყოფის საკითხს საზღვრის დაცვის გამკაცრებაზე შეთანხმების გარეშე ეწინააღმდეგებიან. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კი, რამდენიმე თვეა კონგრესს მოუწოდებს უკრაინისთვის, ისრაელისა და ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში პარტნიორი ქვეყნებისთვის დახმარების გამოყოფა დააჩქაროს.
სენატის გადაწყვეტილებას, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა განაცხადა, რომ "შეერთებული შტატების შემდგომი დახმარება უკრაინას შესაძლებლობას მისცემს, ადამიანების სიცოცხლე რუსული ტერორისგან იხსნას და რომ უკრაინულ ქალაქებში ცხოვრება გაგრძელდება".
0 კომენტარი