აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, სამხრეთ კაროლინაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიისას თქვა, რომ რუსეთს „წაახალისებდა", დაარტყას აშშ-ის მოკავშირე რომელიმე NATO-ს წევრ სახელმწიფოს, რომლებიც, მისი აზრით, ალიანსში მცირე თანხას იხდიან და ფინანსურ ვალდებულებებს არ ასრულებენ. 

„არა, მე არ დაგიცავ. სინამდვილეში, მათ წავახალისებდი, რა ჯანდაბაც უნდათ, ის გააკეთონ. თქვენ უნდა გადაიხადოთ გადასახადები“, - თქვა ყოფილმა პრეზიდენტმა ტრამპმა, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში აქტიური მონაწილეობით თეთრ სახლში მეორე ვადით დაბრუნებას ცდილობს. როგორც დასავლური მედია წერს, მისი პოტენციური ხელახალი არჩევა ქმნის რისკს როგორც შეერთებულ შტატებში, ისე ევროპაში, რადგან "ყოფილი პრეზიდენტი ტრანსატლანტიკური ალიანსის საყრდენის ჩაგდებას, ნატოდან აშშ-ის გასვლის საკითხი განიხილვასა და უკრაინის მხარდაჭერის რადიკალურად შემცირებას შეეცდება". 

ყოფილი პრეზიდენტის განცხადებას, თეთრი სახლი მალევე გამოეხმაურა და მას "თავზარდამცემი და შეშლილი" უწოდა. ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა კი, დონალ ტრამპის განცხადებაზე საპასუხოდ თქვა, რომ "ნატოზე ნებისმიერ თავდასხმას ერთიანი და ძლიერი პასუხი გაეცემა". მისივე განცხადებით, "ნებისმიერი მოსაზრება, რომ ნატოელი მოკავშირე ქვეყნები ერთმანეთს არ დაიცავენ, ძირს უთხრის ალიანსის უსაფრთხოებას და საფრთხის წინაშე აყენებს აშშ-ისა და ევროპის სამხედროებს". 

ჯონ ბოლტონმა, რომელიც დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი გახლდათ, თქვა, რომ "ყოფილი პრეზიდენტის განცხადება საშიშია და დარწმუნებულია, რომ მისი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, დონალდ ტრამპი ალიანსს დატოვებს". 

„დონალდ ტრამპი დარწმუნებულია, რომ ევროპელები ჯერ კიდევ არ იხდიან ალიანსში სათანადო თანხას და ასევე, ნეგატიური სავაჭრო შეთანხმებებია ევროპელებთან დადებული, ამიტომ ვფიქრობ, ის მოუთმენლად ელის ნატოდან გასვლის შესაძლებლობას“, - აღნიშნა ჯონ ბოლტონმა MSNBC-სთან ინტერვიუში.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის დეკემბერში, შეერთებული შტატების კონგრესში მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტს ნატოდან ცალმხრივად გასვლა, სენატის ორი მესამედის თანხმობის გარეშე ეკრძალება.

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *