სენატმა მხარი დაუჭირა 95 მილიარდი დოლარის ოდენობის გადაუდებელი ხარჯების შესახებ კანონპროექტის პროცედურული განხილვის საკითხს, რომელიც უკრაინისთვის 60 მილიარდი დოლარის გამოყოფას გულისხმობს. კონგრესის ზედა პალატამ ის საზღვრის უსაფრთხოების კანონპროექტის გარეშე განიხილა, რასაც რესპუბლიკელების მწვავე წინააღმდეგობა მოჰყვა. სენატის უმრავლესობის ლიდერის, ჩაკ შუმერის მიერ შემოთავაზებულ საკანონმდებლო მექანიზმს მხარი 67-მა სენატორმა დაუჭირა, 32 კი, წინააღმდეგი აღმოჩნდა. სანამ კონგრესის ქვედა პალატაში კანონპროექტი სენატიდან გაიგზავნება, სენატორებმა უშუალოდ კანონპროექტს ისევ უნდა უყარონ კენჭი, რისთვისაც კანონმდებლების დამატებითი ხმებია საჭირო. სავარაუდოდ, საკითხს კენჭისყრაზე ხუთშაბათს ან მომავალი კვირის დასაწყისში ისევ გაიტანენ.
აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სასაზღვრო ცვლილებების პაკეტს ღიად დაუპირისპირდა, სენატში რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა, მიტჩ მაკკონელმა სასაზღვრო ცვლილებებისა და უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის დაფინანსების საკითხების ერთმანეთისგან გამიჯვნის ინიციატივა დააყენა.
„ამ კანონპროექტის სხვა ნაწილებიც ძალიან მნიშვნელოვანია: უკრაინა, ისრაელი, ტაივანი. საზღვრის გამკაცრების საკითხზე შეთანხმების არარსებობის მიუხედავად, კანონპროექტის მეორე ნაწილს უნდა გავუმკლავდეთ", - აღნიშნა რესპუბლიკელმა სენატორმა.
სენატში უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა სწორედ ამის შემდეგ განაცხადა, რომ "თუ ეროვნული უსაფრთხოების დამატებითი დაფინანსების კანონპროექტი საზღვრის უსაფრთხოების დებულებებით ვერ დამტკიცდებოდა, მაშინვე მოიწვევდა კენჭისყრას იმავე პაკეტზე, თუმცა საზღვრის უსაფრთხოების ელემენტების განხილვის გარეშე".
„თავდაპირველად რესპუბლიკელებმა განაცხადეს, რომ მხოლოდ უკრაინასა და ისრაელს გაუწევდნენ ჰუმანიტარულ დახმარებას. შემდეგ თქვეს, რომ ამ საკითხს სამხრეთ საზღვრის პოლიტიკის ცვლილების გარეშე არ განიხილავდნენ. ჩვენ მათ ორ ვარიანტს წარვუდგენთ და იმედს ვიტოვებთ, რომელიმე მათგანს მხარს დაუჭერენ",- აღნიშნა სენატორმა შუმერმა კენჭისყრის დაწყებამდე.
იმისთვის, რომ სენატში დამტკიცებული კანონპროექტი საბოლოოდ ეროვნულ კანონმდებლობად იქცეს, მას კონგრესის ქვედა პალატის მხარდაჭერაც სჭირდება. რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მაიკ როჯერსმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ სპიკერი მაიკ ჯონსონი სასაზღვრო რეფორმის გარეშე უკრაინის საკითხს მხარს არ დაუჭერს, თუმცა საბოლოოდ, რა გადაწყვეტილებამდე მივა წარმომადგენელთა პალატა, უახლოეს დღეებში უნდა გაირკვეს.
სენატის გადაწყვეტილებას უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა და ამერიკელ კანონმდებლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მისივე თქმით, "ეს ცუდი დღეა პუტინისთვის და კარგი დღეა დემოკრატიისთვის".
"მადლობას ვუხდი შეერთებული შტატების სენატს გადაწყვეტილების მიღებისთვის, რომლებმაც უკრაინისა და სხვა სტრატეგიული პარტნიორების დახმარების საკითხი განიხილეს. უკრაინის მხარდაჭერის გასაგრძელებლად და ჩვენი უსაფრთოებისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახლდათ. ეს ცუდი დღეა პუტინისთვის, კარგი დღეა დემოკრატიისთვის", - აღნიშნა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.
0 კომენტარი