აშშ-ის კონგრესის ზედა პალატაში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, სენატორი ჩაკ შუმერი აცხადებს, რომ ორპარტიული კანონპროექტიდან, რომელიც საზღვრის უსაფრთხოების გამკაცრებასა და უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების საკითხს აერთიანებს, საკითხები, შესაძლოა, გამიოყოს და დღეს დაგეგმილ კენჭისყრაზე დამოუკიდებლად გავიდეს. შესაბამისად, სენატში, პროცედურულ კენჭისყრაზე, უკრაინისა და ისრაელის დაფინანსების პაკეტი და სამხრეთ საზღვრის გამკაცრების საკითხი ამერიკელმა კანონმდებლებმა განცალკევებულად განიხილონ. სენატორმა შუმერმა მის ინიციატივას გეგმა "ბ" მას შემდეგ უწოდა, რაც რესპუბლიკელმა სენატორებმა განაცხადეს, რომ ორპარტიულ კანონპროექტს, რომელზეც ორივე მხარე რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა, მხარს არც კონგრესის ზედა პალატაში დაუჭერენ.
სენატის უმრავლესობის ლიდერი, ჩაკ შუმერი იმედოვნებს, რომ საზღვრის დაცვის საკითხზე შექმნილი პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, რესპუბლიკელები უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დაფინანსების საკანონმდებლო მექანიზმს მხარს დაუჭერენ. მისი განცხადებით, თავდაპირველად კენჭს უყრიან არსებულ ორპარტიულ კანონპროექტს, რომელიც საზღვრისა და ომში მყოფი ქვეყნებისთვის დაფინანსების გამოყოფის საკითხს აერთიანებს, თუმცა თუ რესპუბლიკელთა უმრავლესობა მას ოფიციალურად დაბლოკავს, უმრავლესობის ლიდერი მეორე კენჭისყრისთვის მოემზადება.
როგორც ამერიკულ საექსპერტო წრეში ამბობენ, თუ საგულდაგულოდ შემუშავებული გეგმა არ იმუშავებს, რესპუბლიკელები ერთი დღის განმავლობაში ორჯერ დაბლოკავენ თავდაცვის დამატებითი დახმარების პაკეტს, რაც "უხერხული პერსპექტივა" იქნება. აღსანიშნავია ისიც, რომ რესპუბლიკელები თავიდანვე დაჟინებით ითხოვდნენ, უკრაინის დახმარების საკითხი, საზღვრის დაცვის გამკაცრების დაფინანსებასთან ერთად განხილულიყო.
0 კომენტარი