კონგრესში, ორპარტიულ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობს 20 მილიარდით ამერიკის სამხრეთ საზღვრის უსაფრთხოების გამკაცრების დაფინანსებას, 61 მილიარდი დოლარის უკრაინისთვის, 14,1 მილიარდის კი, ისრაელისთვის გამოყოფას, შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა.

სენატორებმა, რომლებიც თეთრ სახლთან ერთად, კომპრომისული ვერსიის შემუშავებაზე რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ, კანონპროექტის საბოლოო ვარიანტი კვირას გამოაქვეყნეს. იმავე დღეს, წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა თქვა, რომ ის "ახლოსაც არაა მის მოლოდინებთან" და რომ კანონპროექტი კონგრესის ქვედა პალატარაში გაგზავნისთანავე "მოკვდება". ამის შემდეგ, წინააღმდეგობამ კონგრესის ზედა პალატაშიც გადაინაცვლა და სპიკერ ჯონსონის პოზიცია დაახლოებით, 20-მა რესპუბლიკელმა სენატორმაც გაიზიარა. 

სენატში რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა, მიტჩ მაკკონელმა თქვა, რომ კანონპროექტისთვის "წინსვლის გზა აღარ არსებობს, თუმცა უკრაინის დაფინანსების საკითხი, ისევ მისი მთავარი პრიორიტეტი იქნება". როგორც ჩანს, მან ვერ შეძლო იმ კოლეგებისგან მხარდაჭერის მოპოვება, რომლებიც MAGA რესპუბლიკელების ჯგუფთან არიან დაკავშირებულნი და რომლებმაც სენატის არჩევნებში გამარჯვების მოპოვება, ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდაჭერით შეძლეს.

კანონპროექტის დამტკიცების მთავარი მოწინააღმდეგ, სწორედ ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპია, რომელმაც რესპუბლიკელებს მოუწოდა, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიეღოთ. მან კანონპროექტზე მუშაობისთვის რესპუბლიკელი სენატორი ჯეიმს ლანკფორდიც გააკრიტიკა, მიუხედავად იმისა, რომ 2022 წლის არჩევნებზე, მის ხელახალ არჩევას მხარი დაუჭირა. ყოფილმა პრეზიდენტმა სოციალურ პლატფორმა Truth-ზე დაწერა, რომ კანონპროექტის მიღება პარტიისთვის "სასიკვდილო განაჩენი" იქნება. 

"საზღვრის შესახებ ამ კანონპროექტს მხოლოდ სულელი, ან რადიკალი მემარცხენე დემოკრატი დაუჭერს მხარს, რომლის მიხედვითაც საზღვრის ჩაკეტვის უფლებამოსილება დღეში მხოლოდ 5 000 შემომსვლელის შემდეგ იქნება შესაძლებელი. ეს მაშინ, როდესაც საზღვრის ჩაკეტვის უფლება ახლა უკვე გვაქვს და ეს უნდა გაკეთდეს. ამ კანონპროექტის მიღება საჩუქარი იქნება დემოკრატებისთვის და სასიკვდილო განაჩენი - რესპუბლიკელებისთვის. ნუ იქნებით სულელები", - განაცხდა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა. 

მას შემდეგ, რაც ოქტომბრის დასაწყისში რესპუბლიკელმა სენატორებმა დაიწყეს მუშაობა სასაზღვრო შეთანხმებაზე, ყოფილი პრეზიდენტი სტაბილურად ზრდიდა მის მხარდაჭერებს სენატორებს შორისაც. მან, საბოლოოდ, მისი საარჩევნო კამპანიის გარშემო, 30-მდე რესპუბლიკელი სენატორის შემოკრება შეძლო.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ყოფილი პრეზიდენტი ტრამპი, უსაფრთხოების კანონპროექტზე ორპარტიული შეთანხმების ჩაშლაში დაადანაშაულა და თქვა, რომ მას მხოლოდ პოლიტიკური მიზნები ამოძრავებს. 

„ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ეს კანონპროექტი სენატის სხდომაზეც კი არ გავა. რატომ? მარტივი მიზეზია: დონალდ ტრამპი. დონალდ ტრამპი ფიქრობს, ეს პირადად მისთვის პოლიტიკურად წამგებიანი სვლა იქნება. მას ურჩევნია კანონპროექტი პოლიტიკურ იარაღად გამოიყენოს, ვიდრე საკითხი  რეალურად გადაჭრას. ბოლო 24 საათის განმავლობაში მას არაფერი გაუკეთებია გარდა იმისა, რომ აშანტაჟებს და აშინებს რესპუბლიკური პარტიის წევრებს. კანონპროექტში მთავარი იდეა გახლავთ ის, რომ ორპარტიულად შემუშავდა, რაც ამერიკის გამარჯვებაა. ის გამოასწორებს დანგრეულ საიმიგრაციო სისტემას და იქნება ყველაზე მკაცრი კანონი, რაც საზღვრის დაცვასთან დაკავშირებით ოდესმე შემოთავაზებულა“, - განაცხადა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის პრეზიდენტმა. მისივე თქმით, "ამერიკელმა ხალხმა უნდა გაიგოს, რომ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ნოემბრიდან დღემდე საზღვარი არ არის დაცული, დონალდ ტრამპი და მისი MAGA რესპუბლიკელი მეგობრები არიან".

სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა, ოთხშაბათს პირველადი კენჭისყრა დანიშნა. მისი განცხადებით, რესპუბლიკელები დონალდ ტრამპის შიშისგან "ცახცახებენ", თუმცა კანონპროექტი იმდენად მნიშნელოვან საკითხებს ეხება, რომ მის განხილვას პოლიტიკამ ხელი არ უნდა შეუშალოს. 

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *