აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის სპიკერის, მაიჯ ჯონსონის თქმით, კენჭისყრაზე მხარს არ დაუჭერს სასაზღვრო უსაფრთხოების კანონპროექტს, რომელიც ამერიკის სამხრეთ საზღვრის გასაძლიერებლად, ასევე, უკრაინისა და ისრაელისთვის, ჯამში, 118 მილიარდი დოლარის გამოყოფას გულისხმობს.
"კანონპროექტი იმაზე უარესიც კი არის, ვიდრე ველოდით და არ გვაახლოვებს პრეზიდენტის მიერ შექმნილი სასაზღვრო კატასტროფის დასრულებასთან. როგორც მოლაპარაკების მონაწილე დემოკრატმა ლიდერმა თქვა, ამ კანონპროექტის მიხედვით, საზღვარი არასოდეს იკეტება", - აღნიშნა მან დ დასძინა ისიც, რომ თუ კანონპროექტი ქვედა პალატაში განსახილველად გაიგზავნება, ის "მისვლისთანავე მოკვდება".
კანონპროექტში შემოთავაზებული ცვლილებების მიხედვით, საზღვრის უსაფრთხოების გასაძლიერებლად, 20 მილიარდი დოლარი გამოიყოფა. მასში მითითებულია ისიც, რომ "დამატებითი ფინანსური დახმარება, ფედერალურ მთავრობას შესაძლებლობას მისცემს, ჩაკეტოს საზღვარი, თუ მას კვირაში 5 000-ზე მეტი არალეგალი გადაკვეთს. ასევე, თავშესაფრის მაძიებელთა შემოწმების სტანდარტები ამაღლდეს და დაჩქარდეს განცხადებების განხილვის ვადები. პარალელურად, აქტიურად დაიწყოს დეპორტაციის პროცესიც".
რესპუბლიკელები თავიდანვე დაჟინებით მოითხოვდნენ, რომ უკრაინისთვის ნებისმიერი დახმარების გამოყოფა, ამერიკის სამხრეთ საზღვრის საკითხთან პირდაპირ ყოფილიყო დაკავშირებული. ბოლო კვირებში, ვაშინგტონში თითქოს გაჩნდა მოლოდინი, რომ მხარეები შეთანხმების მიღწევის ფარგლებს უახლოვდებოდნენ, თუმცა რესპუბლიკელების პოზიცია თანდათან ისევ გამწვავდა და ითქვა, რომ "პრეზიდენტ ბაიდენს, სამხრეთ საზღვარზე არსებული სიტუაციის მოსაგვარებლად საჭირო ინსტრუმენტები ხელთ აქვს და მას საამისოდ კონგრესისგან ახალი კანონმდებლობა არ სჭირდება". ზეწოლა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა, როდესაც ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, მის სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე პარტიას მოუწოდა, " შეთანხმებას არ დათანხმდნენ, თუ რესპუბლიკელები არ მიიღებენ ყველაფერს, რაც საჭიროა მილიონობით ადამიანის შემოჭრის ჩასახშობად".
როგორც ამერიკულ საექსპერტო წრეებში აცხადებენ, სპიკერ ჯონსონის პოზიცია, მნიშვნელოვან ზიანს აყენებს მომლაპარაკებელ სენატორთა სამეულს, რომლებიც რამდენიმე თვეა, საზღვრის უსაფრთხოების პოლიტიკურად მწვავე შეთანხმებაზე მუშაობენ.
სენატორი ჯეიმს ლანკფორდი, რომელიც სასაზღვრო შეთანხმების საკითხზე მთავარი მომლაპარაკებელია, სპიკერ ჯონსონის განცხადებას სწრაფად გამოეხმაურა და თქვა, რომ „დაბნეულია, როგორ შეიძლება კანონპროექტი იყოს იმაზე უარესი, ვიდრე სპიკერი ელოდა".
„ცოტა დაბნეული ვარ, რას ნიშნავს, რომ კანონპროექტი იმაზე უარესია, ვიდრე მოელოდნენ, როდესაც ის აშენებს სასაზღვრო კედელს, აფართოებს და უფრო სწრაფ მექანიზმებს ითვალისწინებს დეპორტაციისთვის, ზრდის სასაზღვრო პატრულის ოფიცრების რაოდენობას, ბევრ ხანგრძლივ პროცესს სრულად ასუფთავებს. ასევე, ქმნის საგანგებო ორგანოს, რომელიც საზღვარზე არსებულ ქაოსს დაუყოვნებლივ შეაჩერებს“, - აღნიშნა სენატორმა მედიასთან საუბრისას. მან ასევე დასძინა, რომ სპიკერ ჯონსონის გუნდთან საუბარს გეგმავს, რათა მისთვის ნათელი გახდეს, "რომელი ნაწილია კანონპროექტში მოსალოდნელზე უარესი და რეალურად ჰქონდათ თუ არა მათ ტექსტის წაკითხვის შესაძლებლობა".
აღსანიშნავია ისიც, რომ სპიკერმა ჯონსონმა, ისრაელისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის საკითხზე განხილვა, განცალკევებულად დააანონსა და თქვა, რომ კონგრესის ქვედა პალატაში, ისრაელის საკითხს კენჭს მომავალ კვირას უყრიან. სპიკერის ინიციატივა თეთრი სახლის ადმინისტრაციამ გააკრიტიკა და ითქვა, რომ ისრაელის მხარდაჭერის საკითხის განხილვა, უკრაინისთვის დახმარების დამტკიცების გარეშე, დაუშვებელია.
0 კომენტარი