"მომავალ კვირას, კონგრესის ქვედა პალატა, ისრაელის დახმარების პაკეტს კენჭს განცალკევებულად უყრის", - ამის შესახებ ინფორმაცია, აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა გაავრცელა. კანონპროექტი, რომელიც ისრაელისთვის, დამატებით, 17,6 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს, შესაძლოა, ქვედა პალატასა და სენატს შორის, მორიგი დაპირისპირების საგნად იქცეს. 

„იმის გამო, რომ სენატმა ვერ შეძლო კანონპროექტისთვის აუცილებელი მხარდაჭერის უზრუნველყოფა, ისრაელში არსებული მწვავე ვითარების გათვალისწინებით, ამ მიმართულებით ლიდერობის პასუხისმგებლობას, კონგრესის ქვედა პალატაში ავიღებთ. მომავალ კვირას, ისრაელის დახმარების პაკეტს, დამოუკიდებელ კანონპროექტად ვუყრით კენჭს", - აღნიშნა სპიკერმა მაიკ ჯონსონმა. ამასთან, მან სენატს მოუწოდა, ქვედა პალატის მიერ შემოთავაზებული წინადადება, კონგრესის ზედა პალატაშიც, სწრაფად განიხილონ.

სპიკერ ჯონსონის ინიციატივის პარალელურად, სენატი, ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტის განსახილველად ემზადება, რომელიც როგორც აშშ-ის სასაზღვრო პოლიტიკის განსაზღვრას მოიცავს, ასევე, მოიაზრებს დახმარების გამოყოფას უკრაინისთვის, ისრაელისა და ტაივანისთვის. აღნიშნული კანონპროექტის ირგვლივ პოლიტიკური დებატები, უკვე, რამდენიმე თვეა გრძელდება. სენატში დემოკრატების ლიდერის, ჩაკ შუმერის განცხადებით, აღნიშნულ პაკეტზე პირველი პროცედურული კენჭისყრა სენატში, შესაძლოა, ოთხშაბათს გაიმართოს. ამერიკულ საექსპერტო წრეებში აღნიშნავენ, რომ კანონპროექტის საბოლოო დამტკიცების საკითხი, ისევ ეჭვქვეშ რჩება, რადგან მას ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და ქვედა პალატის რამდენიმე რესპუბლიკელი წევრი ეწინააღმდეგება. 

სპიკერ მაიკ ჯონსონის წინადადება, თეთრმა სახლმა გააკრიტიკა და ის "მორიგ ცინიკურ მანევრად" შეაფასა.

"ისრაელის უსაფრთხოების საკითხი, პოლიტიკური თამაშის ნაწილად არ უნდა იქცეს. ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით შემოთავაზებულ ხრიკს, რომელიც არ ითვალისწინებს შესაბამის ნაბიჯებს საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, არ ეხმარება უკრაინელ ხალხს პუტინის აგრესიისგან დაცვაში და უარყოფს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის“, - ნათქვამია თეთრი სახლის პრესმდივნის, კარინ ჟან-პიერის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. 

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *