აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, სამხრეთ კაროლინაში გამართულ დემოკრატიული პარტიის პრაიმერიზში, გამარჯვების მოპოვება მარტივად შეძლო. Decision Desk HQ-ის თანახმად, მას სრულმა უმრავლესობამ, 96,4%-მა დაუჭირა მხარი, მისმა კონკურენტებმა, მარიან უილიამსონმა ხმათა 2%, მინესოტას კონგრესმენმა, დინ ფილიპსმა კი, 1,6% მიიღეს.

მიუხედავად იმისა, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა, იანვარში, ნიუ ჰემფშირის შტატში გამართულ პრაიმერიზშიც გაიმარჯვა, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საარჩევნო კამპანია, მან ოფიციალურად, სწორედ სამხრეთ კაროლინას შტატიდან დაიწყო. ამერიკულ ანალიტიკურ წრეებში ამბობენ, რომ მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ნოემბერში დაგეგმილ საყოველთაო არჩევნებში, დემოკრატიული პარტიის საარჩევნო რესურსები გამყარდა და სკეპტიციზმი, მოქმედი პრეზიდენტის ასაკსა და რეიტინგთან დაკავშირებით, მნიშვნელოვნად შემცირდა. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გადამწყვეტი გამარჯვების მოპოვება, სწორედ სამხრეთ კაროლინას შტატის მხარდაჭერით შეძლო. 

„2020 წელს, სამხრეთ კაროლინას ამომრჩევლებმა დაამტკიცეს, რომ ჩვენს კამპანიას მნიშვნელოვნად აძლიერებდნენ, რამაც, საბოლოოდ, არჩევნებში გამარჯვების გზაზე დაგვაყენა. ახლაც, 2024 წელს, სამხრეთ კაროლინამ, თავისი სიტყვა ხმამაღლა თქვა. ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენ ისევ გამარჯვების გზაზე ვდგავართ, დონალდ ტრამპი კი, კვლავ დამარცხდება", - აღნიშნა პრეზიდენტმა ბაიდენმა სიტყვით გამოსვლისას. 

სამხრეთ კაროლინაში, რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო პრაიმერიზი, 24 თებერვალსაა ჩანიშნული, სადაც ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რესპუბლიკელთა ფავორიტად მიიჩნევა. Decision Desk HQ-ისა და The Hill-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვების ერთობლიობა აჩვენებს, რომ ჰიპოთეტურ  დაპირისპირებაში, ყოფილი პრეზიდენტი, დონალ ტრამპი, 2,2%-ით უსწრებს აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტს. 

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *