აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა, საჰაერო თავდასხმების განხორციელება დაიწყეს ერაყსა და სირიაში იმ ათეულობით ობიექტზე, რომელსაც ირანის მიერ მხარდაჭერილი ექსტრემისტული ჯგუფები იყენებდნენ.
"ეს გახლავთ პასუხი იმ თავდასხმებზე, რომელიც ინტენსიურად ხორციელდებოდა ახლო აღმოსავლეთში მყოფ აშშ-ის სამხედროებზე და რამაც ამერიკელი ჯარისკაცების სიცოცხლე იმსხვერპლა", - იუწყებიან ამერიკული მედიასაშუალებები ოფიციალური პირების მიერ მიწოდებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით. საუბარია, რამდენიმე დღის წინ, იორდანიაში განხორციელებულ თავდასხმაზე, რომლის შედეგადაც, აშშ-ის სამი სამხედრო დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა.
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები, რამდენიმე დღის განმავლობაში აფრთხილებდნენ ირანის მიერ მხარდაჭერილ ჯგუფებს, რომ შეერთებული შტატები საპასუხო დარტყმას განახორციელებდა. ითქვა ისიც, რომ "ეს არ იქნება ერთჯერადი საპასუხო თავდასხმა და რომ შეერთებული შტატები "მრავალსაფეხურიანი ოპერაციისთვის" ემზადება.
როგორც Associated Press-ი, ანონიმურ ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, დრონების გამოყენებით თავდასხმა განხორციელდა ირანის მიერ მხარდაჭერილი ექსტრემისტული ჯგუფების მფლობელობაში არსებულ საბრძოლო მასალების საწყობებსა და სხვა საბრძოლო მნიშვნელობის ობიექტებზე.
28 იანვარს, იორდანიაში სამი ამერიკელი სამხედრო, დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა, რომელიც, პენტაგონის თქმით, თეირანის მიერ მხარდაჭერილი "კატაიბ ჰეზბოლას" "კვალს" უკავშირდება.
0 კომენტარი