აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, 4-8 თებერვალს საუდის არაბეთს, ეგვიპტეს, ყატარს, ისრაელსა და დასავლეთ სანაპიროს ეწვევა. 7 ოქტომბრის თავდასხმების შემდეგ, სახელმწიფო მდივანი, ახლო აღმოსავლეთში, ოფიციალური ვიზიტით, მეხუთედ ჩადის.
როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეერთებული შტატების პირველი დიპლომატი "გააგრძელებს ძალისხმევას შეთანხმების მისაღწევად, რომელიც უზრუნველჰყოფს "ჰამასის" ტყვეობაში დარჩენილი მძევლების გათავისუფლებას და ასევე, ე.წ. ჰუმანიტარულ პაუზას ღაზაში მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად".
"სახელმწიფო მდივანი გააგრძელებს მუშაობას კონფლიქტის ესკალაციის პრევენციისთვის და კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ შეერთებული შტატები მიიღებს შესაბამის ზომებს თავისი პერსონალისა და წითელ ზღვაში, სატვირთო ხომალდების თავისუფალი გადაადგილების დასაცავად. სახელმწიფო მდივანი ასევე გააგრძელებს დისკუსიებს პარტნიორებთან, თუ როგორ უნდა ჩამოყალიბდეს უფრო ინტეგრირებული და მშვიდობიანი ურთიერთობები რეგიონში, რომელიც მოიცავს გრძელვადიან უსაფრთხოებას ისრაელის მოქალაქეებისა და პალესტინელებისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.
0 კომენტარი