აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, 17 იანვარს, თეთრ სახლში, კონგრესის ლიდერებს შეხვდება. დაგეგმილ შეხვედრაზე, მთავარ საკითხად, უკრაინისთვის ფინანსური დახმარების დამატებით პაკეტზე მსჯელობაა დაანონსებული.
თეთრ სახლში დაანონსებულ შეხვედრაში მონაწილეობას, სავარაუდოდ, სენატის უმცირესობის ლიდერი მიჩ მაკკონელი, სენატის უმრავლესობის ლიდერი ჩაკ შუმერი, კონგრესის ქვედა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი და პალატის უმცირესობის ლიდერი, ჰაკიმ ჯეფრისი მიიღებენ მონაწილეობას. თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ ჟან-პიერმა მედიასთან განაცხადა, რომ კონგრესის ლიდერები, პრეზიდენტ ბაიდენთან შეხვედრაზე მიწვეულნი არიან "ეროვნული უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის საკითხების განსახილველად".
რამდენიმე დღის წინ, აშშ-ის მენეჯმენტისა და ბიუჯეტის ოფისის დირექტორმა, შალანდა იანგმა, კონგრესის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ "უკრაინისთვის დახმარების შესავსებად დრო იწურება და რომ კიევის მხარდაჭერის ერთადერთი გზა, კონგრესის მხრიდან, დაფინანსების დამატებითი პაკეტის დამტკიცებაა".
პრეზიდენტმა ბაიდენმა და დემოკრატიული პარტიის სხვა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ რესპუბლიკურ პარტიასთან საზღვრის დაცვის საკითხებზე, გარკვეული დათმობისთვის მზად არიან.
0 კომენტარი