ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ ამერიკულ-უკრაინული რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის დაფუძნების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ინფორმაცია უკვე ოფიციალურად დაადასტურეს როგორც აშშ-ის სახელმწიფო ხაზინის დეპარტამენტმა, ასევე უკრაინის ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ.

შეთანხმება ითვალისწინებს ერთობლივი ფონდის ფორმირებას, ორი ქვეყნის ეკონომიკური პარტნიორობა კი, როგორც აშშ-ის ხაზინის განცხადებაშია ხაზგასმული, "საშუალებას მისცემს ორ ქვეყანას, ითანამშრომლონ და ერთობლივად განახორციელონ ინვესტიციები, რათა საერთო აქტივებმა, ტალანტებმა და შესაძლებლობებმა დააჩქაროს უკრაინის ეკონომიკის აღდგენა".

"ეს შეთანხმება ცხადად უჩვენებს რუსეთს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია სამშვიდობო პროცესის ერთგულია, რომლის ამოსავალი წერტილიც თავისუფალი, სუვერენული და გრძელვადიან პერსპექტივაში აყვავებული უკრაინაა. და ყველასთვის ცხადი რომ იყოს: არც ერთ სახელმწიფოს ან პირს, ვინც აფინანსებდა, ან აღჭურავდა რუსულ სამხედრო მანქანას, არ მიეცემა უფლება, მიიღოს რაიმე სარგებელი უკრაინის აღდგენის პროცესში", – განაცხადა აშშ-ს ხაზინის მდივანმა სკოტ ბესენტმა.

უკრაინის ეკონომიკის მინისტრის, იულია სვირიდენკოს განცხადებით, შეთანხმების მიხედვით, უკრაინის ტერიტორიაზე არსებული ყველა რესურსი კვლავაც უკრაინის სახელმწიფოს საკუთრებასა და მართვა-გამგებლობაში დარჩება, ახალ ფონდს მხარეები პარიტეტულ საწყისებზე უხელმძღვანელებენ, აშშ დაეხმარება ფონდს ინვესტიციებისა და ტექნოლოგიების მოზიდვაში და, მაღალი ალბათობით, საქმიანობის პირველი 10 წლის განმავლობაში ფონდის შემოსავლები ისევ ახალ პროექტებსა და უკრაინის აღდგენის ღონისძიებებზე მიიმართება.

არსებული შეთანხმებით, მხარეებმა მაქსიმალურად სწრაფად უნდა დაასრულონ ყველა აუცილებელი სამუშაო საიმისოდ, რომ ამერიკულ-უკრაინული რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდი უმოკლეს ვადებში დაფუძნდეს და ამოქმედდეს.

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *