შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, იტალიის პრემიერ-მინისტრს, ჯორჯია მელონის თეთრ სახლში უმასპინძლა.
ჯორჯია მელონი გახლავთ პირველი ევროპელი ლიდერი, რომელიც პრეზიდენტ ტრამპს მის მიერ 2 აპრილს მსხვილი სავაჭრო პარტნიორების წინააღმდეგ "საპასუხო" ტარიფებისა და მოგვიანებით, ამ ტარიფების 90 დღით შეჩერების შემდეგ შეხვდა.
თეთრ სახლში განართულ შეხვედრაზე, ლიდერებმა შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს შორის მომავალი სავაჭრო შეთანხმების შესახებ ოპტიმისტური განცხადებები გააჟღერეს.
პრეზიდენტმა ტრამპმა შეხვედრის მიმდინარეობისას, რეპორტიორებთან საუბრისას თქვა, რომ ევროპასთან სავაჭრო შეთანხმება "100%-ით იქნება".
"სავაჭრო შეთანხმება იქნება, 100%-ით. რა თქმა უნდა, სავაჭრო შეთანხმება იქნება. მათ ამის დადება ძალიან სურთ და ჩვენ ვაპირებთ კიდეც, სავაჭრო შეთანხმება დავდოთ, ამის მოლოდინი მაქვს, თუმცა ეს სამართლიანი შეთანხმება იქნება", - აღნიშნა პრეზიდენტმა ტრამპმა.
იტალიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით კი, მას აშშ-თან 27-წევრიანი ბლოკის სახელით მოლაპარაკება არ შეეძლო, თუმცა შეერთებული შტატების პრეზიდენტთან პირდაპირი საუბარი საბოლოო შეთანხმების მისაღწევად საუკეთესო გზაა.
ცნობისთვის, 2 აპრილს, ტრამპმა 180-ზე მეტი ქვეყნის წინააღმდეგ ახალი ტარიფები გამოაცხადა. სიაში მყოფ ყოველ ქვეყანას 10%-იანი "საბაზისო", ხოლო მათგან აშშ-ის 70-ზე მეტ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორს დამატებით "საპასუხო" ტარიფებიც დაუწესდა.
მოგვიანებით, დონალდ ტრამპმა სავაჭრო პარტნიორებზე დაწესებული "საპასუხო" ტარიფები 90 დღის ვადით შეაჩერა. ძალაში დარჩა მხოლოდ ჩინეთის წინააღმდეგ დაწესებული ტარიფი, რომელიც ამ დროისთვის, თეთრი სახლის განმარტებით, ჯამში 145%-ს აღწევს.
0 კომენტარი