თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კაროლინ ლევიტმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ჩინეთის წინააღმდეგ ტარიფებს 104%-მდე გაზრდის. მისივე თქმით, გაზრდილი ტარიფები ძალაში 9 აპრილს შევა.
"ის ძალაში შევა დღეს ღამით, 00:01 საათზე [ვაშინგტონის დროით], ანუ ხვალიდან. ამის შესახებ პრეზიდენტს ცოტა ხნის წინ ვესაუბრე და ის ფიქრობს, რომ ჩინეთს შეერთებულ შტატებთან შეთანხმების დადება სურს. ჩინეთის შეცდომა იყო საპასუხო ტარიფები. როდესაც აშშ-ს უტევენ, პრეზიდენტი უფრო ძლიერ დარტყმას უბრუნებს. ეს არის მიზეზი, თუ რატომ შევა ძალაში 104%-იანი ტარიფი ჩინეთზე. თუმცა პრეზიდენტს სჯერა, რომ ჩინეთს შეთანხმების მიღწევა სურს", - განაცხადა კაროლინ ლევიტმა.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, 7 აპრილს ჩინეთს დამატებით 50%-იანი ტარიფების დაწესებით დაემუქრა, თუ ჩინეთი ამერიკული პროდუქციისთვის დაწესებულ 34%-იან ტარიფებს 8 აპრილისთვის არ გააუქმებდა. სოციალურ ქსელში პრეზიდენტი ტრამპი აღნიშნავდა, რომ თუ ჩინეთი უკან არ დაიხევდა, ახალი, 50%-იანი ტარიფები ძალაში 9 აპრილიდან შევიდოდა.
საპასუხოდ, ჩინეთმა 4 აპრილს ასევე დაანონსა 34%-იანი ტარიფი აშშ-ს წინააღმდეგ.
0 კომენტარი