ამერიკელმა სენატორებმა, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯიმ რიშმა და კომიტეტის წევრმა ჯინ შაჰინმა გასულ კვირას „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის ასაშენებლად საქართველოს შესაძლებლობების მობილიზებისა და გაძლიერების აქტი”, იგივე MEGOBARI აქტი წარადგინეს, ინფორმაციას სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ავრცელებს. ორპარტიული კანონპროექტი მხარდაჭერას უცხადებს ქართველ ხალხს, ადასტურებს აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ და ადამიანის უფლებათა დარღვევისა და დემოკრატიის შელახვისთვის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციებს ითვალისწინებს.
„საქართველოს მეგობრები მთელი მსოფლიოდან შოკირებული და შეძრწუნებული არიან ხელისუფლების ავტორიტარიზმისკენ სვლით და პროდემოკრატიული მომიტინგეების ძალადობრივი დარბევით“, – განაცხადა სენატორმა რიშმა. „ეს კანონპროექტი ძლიერ გზავნილს შეიცავს, რომ აშშ მხარს უჭერს ქართველ ხალხს თვითგამორკვევის უფლებისთვის ბრძოლაში, ხოლო აშშ-ს საშუალებას მისცემს, დაეხმაროს ქართველებს თავიანთი პოლიტიკური სისტემის სამართლიანობის აღდგენაში“.
„მოხარული ვარ, ხელახლა წარვადგინო ეს ორპარტიული, ორპალატიანი კანონმდებლობა თავმჯდომარე რიშთან ერთად, რათა მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების კონსტიტუციური დარღვევებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობის ფონზე“, – განაცხადა სენატორმა შაჰინმა. „ქართველმა ხალხმა ნათლად გამოხატა თავისი ევროატლანტიკური მისწრაფებები, და შეერთებულმა შტატებმა უნდა გააგრძელოს მათი მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ მცდელობების წინააღმდეგ, რომ მოშალოს მათი დემოკრატიული ინსტიტუტები. იმ დროს, როდესაც რუსეთი ცდილობს, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიებს მთელს რეგიონში, ჩვენ ვერ შევაქცევთ ზურგს მთავარ პარტნიორს, რომელიც თავისუფალი და დემოკრატიული მომავლისკენ ისწრაფვის“.
სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თანახმად, MEGOBARI აქტი;
- დაიწყებს აშშ-საქართველოს ურთიერთობის, მათ შორის ყველა დახმარების პროგრამის სრულ გადახედვას;
- აღიარებს ქართველი ხალხის მიერ ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების პროცესის მხარდაჭერას, რაც ქვეყნის კონსტიტუციითაა გათვალისწინებული;
- მოსთხოვს პრეზიდენტს სანქციები დაუწესოს „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკებსა და მათ მხარდამჭერებს, რომლებიც ჩართულნი არიან კორუფციაში საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესაფერხებლად, ძირს უთხრიან საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ან მონაწილეობენ სხვა კორუფციულ ქმედებებში, რომლებიც საზიანოა სტაბილურობისთვის საქართველოში;
- გააძლიერებს ხალხთაშორის კავშირებს და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას, როდესაც საქართველო საკუთარ კონსტიტუციურ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს;
- გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს სრული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ რუსეთის მიმდინარე და უკანონო ოკუპაციის პირობებში;
- მხარს დაუჭერს სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც მუშაობდა ქართველი ხალხისა და საქართველოს კონსტიტუციის დასაცავად „ქართული ოცნების“ ხელისუფლების არასათანადო ქცევისგან.
კანონპროექტი პირველად გასული წლის 23 მაისს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში ამერიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა წაარადგინა. მართალია მისი მიღება საქართველოს 26 ოქტომბრის არჩევნებამდე იყო ნავარაუდები, კანონპროექტი რამდენჯერმე ჩავარდა. ის ხელახლა წელს წარადგინეს.
ეს კანონპროექტი დამოუკიდებელია „ქართველი ხალხის აქტისგან“, რომელიც ორპარტიულმა ჯგუფმა აშშ-ს სენატში წარადგინა.
წყარო: Civil.ge
0 კომენტარი