"ამერიკა დაბრუნდა" – ასე დაიწყო აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავისი სიტყვა კონგრესში. თითქმის ორსაათიანი გამოსვლის დროს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც, მისი აზრით, დღეს ქვეყანა და მსოფლიო დგას.
სიტყვით გამოსვლისას დონალდ ტრამპის განცხადებებს ტეხასის შტატის კონგრესმენი ელ გრინი შეძახილებით გამოეხმაურა, რის გამოც კონგრესის ამჟამინდელმა სპიკერმა მაიკლ ჯონსონმა წესრიგის დამყარების მიზნით მას დარბაზი დაატოვებინა.
დონალდ ტრამპის გამოსვლა დატვირთული იყო ბაიდენის ადმინისტრაციის კრიტიკით და მეტწილად საშინაო პოლიტიკასა და აშშ-ის ბიუჯეტზე იყო კონცენტრირებული.
პრეზიდენტ ტრამპს საგარეო პოლიტიკაზე ბევრი არ უსაუბრია. მათ შორის, უკრაინის საკითხს მხოლოდ რამდენიმე წუთი დაუთმო. მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისგან მიიღო წერილი, რომელშიც პრეზიდენტი ზელენსკი მშვიდობისთვის მზადყოფნას აცხადებს. მან დასძინა, რომ მშვიდობისთვის რუსეთიც მზადაა.
"დღეს დილით მივიღე მნიშვნელოვანი წერილი პრეზიდენტი ზელენსკისგან. წერილში ნათქვამია, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკების მაგიდასთან დასაჯდომად რაც შეიძლება მალე, რათა გრძელვადიანი მშვიდობა უზრუნველყოს, რადგან არავის სურს მშვიდობა ისე, როგორც უკრაინას. მან თქვა, რომ ის და მისი გუნდი მზად არიან იმუშაონ დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით, რათა უზრუნველყონ გრძელვადიანი მშვიდობა. მისი თქმით, ისინი აფასებენ ყველაფერს, რაც ამერიკამ უკრაინისთვის გააკეთა და შეინარჩუნა მისი სუვერენიტეტი. წერილში წერია, რომ უკრაინა მზადაა, ნებისმიერ დროს მოაწეროს ხელი მინერალების შესახებ შეთანხმებას. ვაფასებ, რომ ეს წერილი გამომიგზავნა", -განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. მან კიდევ ერთხელ გამოხატა თავისი უკმაყოფილება იმის შესახებ, რომ ვაშინგტონმა უკრაინას ევროპაზე 3-ჯერ მეტი დახმარება გაუწია.
ტრამპის თქმით, ევროპა უფრო მეტს ხარჯავს რუსეთისგან ბუნებრივი აირისა და ნავთობის შეძენაზე, ვიდრე უკრაინის დახმარებაზე.
"ბაიდენმა ამ კონფლიქტში იმაზე მეტი ფული დახარჯა, ვიდრე ევროპამ. სამწუხაროდ, ევროპამ იმაზე მეტი ფული დახარჯა რუსული ნავთობისა და ბუნებრივი აირის შესყიდვაში, ვიდრე უკრაინის დაცვაში. დაფიქრდით, მათ მეტი დახარჯეს რუსულ ნავთობსა და ბუნებრივ აირზე, ვიდრე უკრაინის უსაფრთხოებაში და ჩვენ დავხარჯეთ $350 მილიარდი დოლარი, მათ $100 მილიარდი დოლარი", – აღნიშნა პრეზიდენტმა ტრამპმა. მისივე თქმით, ამჟამინდელი ადმინისტრაცია ომის დასასრულებლად დაუღალავად შრომობს.
სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტმა ტრამპმა გრენლანდიელებსაც მიმართა და თქვა, რომ "ის პატივს სცემს მათ აზრს და თუ შეერთებულ შტატებში ყოფნა სურთ, დიდი სიხარულით მიიღებს".
აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ გრენლანდიის ფლობა რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
"გზავნილი მაქვს გრენლანდიის გასაოცარი მცხოვრებლებისთვისაც. ჩვენ ძლიერ ვუჭერთ მხარს თქვენს უფლებას, თავად გადაწყვიტოთ თქვენი მომავალი და თუ თქვენ გადაწყვეტთ, ჩვენ დიდი სიამოვნებით მიგიღებთ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩვენ გრენლანდია ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის გვჭირდება. ყველა მხარესთან ვმუშაობთ ამის მისაღწევად. ან ასე, ან ისე, გრენლანდია ჩვენი გახდება", – განაცხადა დონალდ ტრამპმა, რომელმაც თავისი გამოსვლის უდიდესი ნაწილი უკანონო მიგრაციაზე საუბარს დაუთმო.
ტრამპმა დარბაზში მოიწვია რამდენიმე ქალბატონი, რომელთა შვილებიც, მისი თქმით, უკანონო მიგრანტებმა დახოცეს.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ მიგრაციის შერბილებულმა პოლიტიკამ ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას სერიოზული საფრთხე შეუქმნა და ის ამას აუცილებლად გამოასწორებს.
მან ხაზი გაუსვა, რომ უკონტროლო მიგრაციამ ქვეყანაში ნარკორეალიზატორებისა და კარტელების მომრავლება გამოიწვია და მისი ადმინისტრაცია ამ კარტელებს აუცილებლად შეებრძოლება.
"თუ ჩვენ მართლა გვადარდებს ჩვენი შვილების დაცვა, მაშინ არაფერია ისე მნიშვნელოვანი, როგორც ამერიკის საზღვრების დაცვა. გასული ოთხი წლის განმავლობაში 21 მილიონი ადამიანი შემოვიდა შეერთებულ შტატებში და მათი უმრავლესობა მკვლელები, ადამიანით მოვაჭრეები და სხვა კრიმინალები იყვნენ მთელი მსოფლიოდან. ეს ყველაფერი კი ჯო ბაიდენის გიჟური და ძალიან საშიში ღია საზღვრების პოლიტიკის გამო. ახლა მათ ჩვენს ქვეყანაში მყარად აქვთ ფეხი გადგმული, მაგრამ ჩვენ მათ გავყრით და გავყრით ძალიან სწრაფად", – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
უსაფრთხოებაზე საუბრისას დონალდ ტრამპმა ხაზი გაუსვა კანონმორჩილების აუცილებლობას. მისი თქმით, ქვეყანაში პოლიციის ინსტიტუტი სათანადოდ არაა დაფასებული და ეს უნდა გამოსწორდეს. მისი თქმით, პოლიციელის მკვლელობისთვის სასჯელი სიკვდილი იქნება.
დონალდ ტრამპმა ისაუბრა ერთობაზეც. მან აღნიშნა, რომ მის მარჯვნივ მსხდომი დეპუტატები, ანუ დემოკრატები მას ტაშს არასდროს უკრავენ.
მან მოუწოდა "დემოკრატიული პარტიის" წევრებს ერთად მუშაობისკენ ქვეყნისა და ერის კეთილდღეობისთვის. მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ ბევრი რამ მისი პოლიტიკიდან დემოკრატებსაც მოსწონთ, მაგრამ არ აღიარებენ.
"ეს კონგრესში ჩემი მეხუთე გამოსვლაა. ვუყურებ ჩემ წინ მსხდომ დემოკრატებს და ვხვდები, რომ აბსოლუტურად ვერაფერს ვიტყვი, რომ გავახარო ან ფეხზე წამოვაყენო, რათა გამიღიმონ და ტაში დამიკრან. არაფრის გაკეთება შემიძლია. ასე რომ დემოკრატებო, რომლებიც ჩემ წინ სხედხართ, ამ ერთ ღამეს რატომ არ შემოგვიერთდებით აშშ-ის ამდენი წარმოუდგენელი გამარჯვების აღსანიშნავად? ჩვენი ერის საკეთილდღეოდ. მოდით ერთად ვიმუშაოთ და გავხადოთ ამერიკა კვლავ დიდებული", – მიმართა პრეზიდენტ ტრამპმა კონგრესს.
განცხადების ბოლოს დონალდ ტრამპმა კვლავ გაუსვა ხაზი, რომ მისი ადმინისტრაცია ქვეყნის ოქროს ხანას შექმნის და აშშ-ი განვითარდება იმ სიჩქარით, როგორიც ისტორიას არასდროს უნახავს.
დონალდ ტრამპის გამოსვლას რესპუბლიკელი კონგრესმენები ოვაციებითა და ტაშის კვრით ეხმაურებოდნენ.
0 კომენტარი