პარასკევს, 28 თებერვალს, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მასპინძლობს. როგორც ამერიკული მედია და საექსპერტო წრეები პროგნოზირებენ, შესაძლოა, ეს შეხვედრა გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდეს პრეზიდენტ ტრამპის მცდელობაში, უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარე ომი დაასრულოს. მიუხედავად იმისა, რომ რთულია წინასწარ განსაზღვრა, რა ტიპის განცხადებები გაკეთდება დახურული შეხვედრის შემდეგ, არსებობს მოლოდინი, რომ პრეზიდენტები დღეს ხელს მოაწერენ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, ვაშინგტონს უკრაინულ წიაღისეულზე ნაწილობრივი წვდომის შესაძლებლობა მიეცემა. რესპუბლიკელი პრეზიდენტი უკვე დიდი ხანია აცახდებს, რომ აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაწეულ სამხედრო დახმარებას უკრაინული მხრიდან ფინანსური გარანტიებიც უნდა ახლდეს.

პრეზიდენტ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის დახურულ კარს მიღმა შეხვედრა, ვაშინგტონის დროით, 11:00 საათზეა დაგეგმილი. ოვალურ კაბინეტში ოფიციალური მიმართვებისა და ლანჩის შემდეგ კი, პრეზიდენტების ერთობლივი პრესკონფერენცია, ვაშინგტონის დროით, 13:00 საათზე გაიმართება.

ამ შეხვედრის მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს მოწმობს ისიც, რომ თეთრი სახლის ტერიტორიაზე, როგორც ამერიკული, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი უპრეცედენტო რაოდენობის ჟურნალისტი მუშაობს. მოლოდინს ამძაფრებს პრეზიდენტ ტრამპის მიერ გაკეთებული წინააღმდეგობრივი განცხადებები უკრაინელი კოლეგის მისამართით. მან ვოლოდიმირ ზელენსკის სოციალურ ქსელ Truth Social-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში "უარჩევნებო დიქტატორი" უწოდა. 27 თებერვალს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტამერთან შეხვედრაზე კი თქვა, რომ "უჭირს დაჯერება", თითქოს უკრაინის პრეზიდენტი "დიქტატორად" მოიხსენია. 

ბრიტანეთის პრემიერთან შეხვედრაზე შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან კარგი ურთიერთობა აქვს, რაც "შესაძლოა, ბოლო დროს დაიძაბა, რადგან იმავეს მიღება სურდა, რაც ევროპულ სახელმწიფოებს ჰქონდათ".

"ჩვენ გვსურს მასთან ერთად მუშაობა, პრეზიდენტ ზელენსკისთან. ჩვენ გვსურს მასთან ერთად მუშაობა და ვიმუშავებთ კიდეც. ვფიქრობ, მე და ზელენსკის ნამდვილად კარგი ურთიერთობები გვაქვს, ბოლო დროს, შესაძლოა, დაიძაბა, რადგან გვინდოდა მიგვეღო ის, რაც ევროპულ სახელმწიფოებს ჰქონდათ. ისინი ფულის გაცემით ფულს იბრუნებენ, ჩვენ ვერ ვიბრუნებთ ფულს. ბაიდენმა შეთანხმება დადო, 350 მილიარდი დოლარი გასცა და მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან უსამართლო სიტუაცია იყო", - აღნიშნა დონალდ ტრამპმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე. 

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *